რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა ახალი, მკაცრი შეზღუდვები სოციალური ქსელებისთვის და ბლოგერებისთვის. დეპუტატებმა 22 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღეს ახალი „ანტიტერორისტული პაკეტი“, რომელიც ელექტრონული შეტყობინებების გადამცემ კომპანიებს, მათ შორის, გუგლის მსგავს უცხოურ ფირმებს, ავალდებულებს რეგისტრაცია გაიარონ რუსეთის კომუნიკაციის სახელმწიფო უწყებაში. ახალი კანონის თანახმად, ამ კომპანიებმა მათი ვებსაიტების მეშვეობით გადაცემული ყველა შეტყობინების შესახებ ინფორმაცია ექვსი თვის განმავლობაში უნდა შეინახონ სერვერზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული. ამავე კანონის სხვა ნაწილის თანახმად, ბლოგერებმა, რომელთა პირად ვებსაიტებზე ან გვერდებზე სოციალურ ქსელებში დღეში 3 000 ან მეტი მნახველი დაფიქსირდება, ოფიციალურ უწყებებს უნდა შეატყობინონ თავიანთი ვინაობა და ელექტრონული მისამართი. ამასთან, ბლოგერები უნდა დაემორჩილონ კანონებს, რომლებიც ეხება მასმედიას, ასევე ცილისწამების, ექსტრემიზმის ან გამოქვეყნებული ინფორმაციის ნამდვილობის საკითხებს. ამ წესების დარღვევის პირველი შემთხვევისთვის დაწესებული ჯარიმის რაოდენობა დაახლოებით 1 000 ამერიკული დოლარია.