სენატორი მაკკეინი ისევ გამოვიდა ნატოში საქართველოს გაწევრიანებისაკენ მოწოდებით

ამერიკელი სენატორი, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას პირობები ნატოში საქართველოს გასაწევრიანებლად. ამ საკითხს მაკკეინი შეეხო მოლდავეთში ვიზიტისას, სადაც, კიშინიოვის უნივერსიტეტში სტუდანტებთან შეხვედრისას, დაადასტურა მხარდაჭერა ევროპულ სტრუქტურებში მოლდავეთისა და უკრაინის ინტეგრაციის გაგრძელების მიმართაც. „ევროპელებთან ერთად, ძალიან ძლიერი ბლოკი ვართ. არის რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მათ შორის საქართველოს დახმარება, რომ ნატოში გაწევრიანდეს, მოლდავეთის დახმარება - თუ სურს, შევიდეს ევროპის კავშირში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის განახლება, იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთი მუდმივად დარჩეს დიდი რვიანის მიღმა და არა, უბრალოდ, შეუჩერდეს წევრობა“, - განაცხადა მაკკეინმა და, კიშინიოვის უნივერსიტეტში გამოსვლისას, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინაში მოსკოვის მოქმედება.