როგორ უნდა განვითარდეს აგროტურიზმი სამცხე-ჯავახეთში?

ახალციხე, რაბათი

ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად სამცხე-ჯავახეთში იზრდება სტუმართა რაოდენობა. საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ახალციხის ციხეში წელს დამსვენებლებს მთელი მსოფლიოდან ელოდებიან. გუჯა ბიჭაშვილის განმარტებით, ციხის ტერიტორიაზე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, რაც ტურისტების მოზიდვას ხელს შეუწყობს. ციხის დირექტორი განმარტავს, რომ, იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ისტორიულ ტერიტორიას 5674 ადამიანი ესტუმრა და ციხის ბიუჯეტში 26 094 ლარი შევიდა. გუჯა ბიჭაშვილი იმედოვნებს, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად მათი რიცხვი გაიზრდება.

ტურიზმის განვითარებისათვის რეგიონში არსებულ ინფრასტრუქტურას რომ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ამაზე სამცხე-ჯავახეთში ტურისტულ სფეროში მომუშავე კომპანიის მფლობელები საუბრობენ. „მესხეთის ტურის“ მეპატრონის თქმით, დამთვალიერებელი რეგიონში რომ კვლავ ჩამოვიდეს, მას კარგი პირობები უნდა დახვდეს. საფარის, ჭულეს, ზარზმისა და სხვა მსგავსი მნიშვნელოვანი ძეგლები ტურისტთა ყურადღების მიღმა სწორედ გზის პრობლემის გამო რჩება. ამიტომ გიორგი ნათენაძე ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს.

გიორგი ნათენაძის მსგავსად ფიქრობს საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის თავმჯდომარე. ნუგზარ თათეშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტების მოსაზიდად მხოლოდ სავალი გზის მოწესრიგება საკმარისი არ არის. მისი მტკიცებით, გზებზე სასმელი წყლისა და საპირფარეშოების არარსებობა, სავაჭრო ცენტრებში კი არასახარბიელო მომსახურება ვიზიტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ნუგზარ თათეშვილი საგზაო ნიშნულების უქონლობაზეც ლაპარაკობს. მისი თქმით, ტურისტი დანიშნულების ადგილამდე სხვისი დახმარების გარეშე უნდა მივიდეს.

გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომპანიის კოორდინატორის, ბექა ჯაყელის, აზრით, სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტად კულტურული ტურიზმი, სოფლის ტურიზმი და სამთო-სათხილამურო ტურიზმი შეიძლება განვითარდეს, რისთვისაც დამწყებ მეწარმეებს უნდა შეეწყოთ ხელი.

ტურიზმის განვითარება რომ სამცხე-ჯავახეთისთვის მნიშვნელოვანია, ეს მხარის გუბერნატორსაც კარგად ესმის. აკაკი მაჭუტაძის თქმით, ხელისუფლება ამ კუთხით მუშაობს და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც აპირებს. გუბერნატორი ირწმუნება, რომ სამცხე-ჯავახეთის მხარეში აგროტურიზმი ტურისტებისათვის საკმაოდ მიმზიდველია. ”სწორი მარკეტინგით რეგიონში შემოსავლის წყარო გაჩნდება“, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას აგროტურიზმის მნიშვნელობა კარგად ესმის, „ტენილი ყველის“ მწარმოებელი კომპანია უსახსრობის გამო მუშაობას მაინც აჩერებს. „მზიანეთი“ ინვესტორს ეძებს. დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საწარმო, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში „ტენილი ყველის“ წარმოების გარდა, აგროტურიზმის განვითარებაზეც ზრუნავდა, ვიზიტორებს კი საშუალება ჰქონდათ ადგილზე გასცნობოდნენ ტენილი ყველის წარმოებას, კუთხურ სამზარეულოს და „მესხური ოდაც“ დაეთვალიერებინათ. „მზიანეთის“ მფლობელი ემზარ ჯვარიძე ამბობს, რომ ყველის წარმოებასთან ერთად კომპანიამ აგროტურებიც შეაჩერა.