ქაბულში გაიტაცეს მინისტრის მოადგილე

ქაბულში გაიტაცეს საჯარო საკითხების მინისტრის მოადგილე. ოფიციალური პირების ცნობით, აჰმად შაჰ ვაჰიდი სამსახურში მიდიოდა, როცა უცნობი შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. სამინისტროს პრეს-მდივნის ცნობით, ვაჰიდის მძღოლს ესროლეს და დაჭრეს. ქაბულის პოლიციის საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ვაჰიდი მანქანიდან გადმოიყვანეს და თავიანთი მანქანით წაიყვანეს. გამტაცებელთა ვინაობა ჯერჯერობით გაურკვეველია. თალიბანის პრესმდივნის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, მის ჯგუფს ვაჰიდის გატაცების თაობაზე ინფორმაცია არ აქვს. გამოსასყიდის მიზნით მოტაცება და თალიბანის მხრიდან ადამიანების გატაცება ავღანეთში საკმაოდ გავრცელებულია. როგორც იუწყებიან, ვაჰიდი ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალურ პირს წარმოადგენს, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გატაცების მსხვერპლი გახდა.