აშშ-ის კონგრესი საჭიროდ მიიჩნევს, ვიზაზე უარი ეთქვას გაეროში ირანის ელჩს

აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ვიზაზე უარის თქმას გაეროში ირანის ახალი ელჩისათვის. წარმომადგენელთა პალატამ 10 აპრილს ერთხმად დაუჭირა მხარი ზომას, რომელსაც ოთხი დღით ადრე სენატი მიემხრო. ახლა კანონპროექტი პრეზიდენტ ბარაკ ობამას გაეგზავნა ხელმოსაწერად. ცნობების თანახმად, გაეროში ირანის ახალ ელჩად დასახელებული ჰამიდ აბუთალები იყო იმ პირებს შორის, ვინც 1979 წელს თეირანში აშშ-ის საელჩოში შეიჭრა და 444 დღე ჰყავდა დაკავებული 52 ამერიკელი მძევალი. აბუთალები უარყოფს საელჩოს ოკუპაციაში მონაწილეობის ბრალდებას და ამტკიცებს, რომ მხოლოდ თარჯიმნის როლს ასრულებდა. ობამას ადმინისტრაციამ 8 აპრილს გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება გაეროში ირანის ელჩად აბუთალების დასახელებისადმი. ირანი „მიუღებლად“ მიიჩნევს აშშ-ის პოზიციას.