სარეკლამო სააგენტო რადიოსადგურებისთვის

რადიოსადგურების წარმომადგენლებისა და კონსულტანტების შეხვედრა

IREX-ის ორგანიზებით, თბილისში საქართველოში არსებული რადიოსადგურებისა და საერთაშორისო კონსულტანტების შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის მიზანია რადიოსადგურების ხელმძღვანელები დაარწმუნონ ერთობლივი სააგენტოს შექმნის საჭიროებაში, სააგენტოსი, რომელიც მათი რედაქციების განვითარებასა და რეკლამით უზრუნველყოფაზე იზრუნებს.

IREX G-MEDIA-ს საერთაშორისო ექსპერტმა ბად სტაიკერმა რადიოს ხელმძღვანელებთან შეხვედრა ფილმ „გლადიატორის“ ერთი ეპიზოდის ჩვენებით დაიწყო, სახელდობრ, იმ სცენის, რომელშიც დასაღუპად განწირული გლადიატორები მოულოდნელად იმარჯვებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მთავარმა გმირმა ყველა დაარწმუნა, უნდა ებრძოლათ ერთად და შეთანხმებულად.
IREX-ის კვლევები, რომელიც ბოლო ერთი წელია ტარდება, გვანახვებს, რომ რადიოს საკმაოდ ბევრი მსმენელი ჰყავს, თუმცა ეს არ აისახება რადიოს, როგორც ბიზნესის, მდგრადობაზე...
ირაკლი მაჩიტაძე

„თუ ერთად იქნებით, გადარჩებით“ - ეს არის ბად სტაიკის მთავარი გზავნილი რადიოს წარმომადგენლებისთვისაც. შეხვედრის მიზანი სწორედ ის იყო, რომ საქართველოში არსებულმა რადიოსადგურებმა ჩამოაყალიბონ სააგენტო, რომელიც მათ რეკლამის მოძიებაში დაეხმარება.

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს რადიო საქართველოში? რადიო „ათინათის“ ხელმძღვანელი გია ხასია, პირველ რიგში, სწორედ რეკლამის ნაკლებობაზე საუბრობს. „ათინათი“ სამეგრელოს რეგიონში მაუწყებლობს:

„ეს რეგიონი რთული რეგიონია, რთულია იმ მხრივაც, რომ პოლიტიკური ცვლილებების დროს ეკონომიკაზეც ხდება ზეგავლენა, კერძოდ, თანხების მოზიდვა, პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება, ბიზნესკავშირების მოძიება არ არის ადვილი. ეს ყველაფერი განსაკუთრებით რთულდება იმის გამო, რომ ბიზნესკომპანიები მაინც უფრო თბილისშია თავმოყრილი - აფთიაქები, ბანკები და ასე შემდეგ“.

მისივე თქმით, მედიასთან თანამშრომლობა ბიზნესისთვის ინვესტიციაა - განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც რეკლამის განთავსება იაფად შეიძლება. გია ხასია ამბობს, რომ, უბრალოდ, საჭიროა ბიზნესის წარმომადგენლებმა ეს გაიგონ.

იმავე პრობლემებზე საუბრობს რადიო „ძველი ქალაქის“ ხელმძღვანელი ირაკლი მაჩიტაძეც:

„სხვათა შორის, IREX-ის კვლევები, რომელიც ბოლო ერთი წელია ტარდება, გვანახვებს, რომ რადიოს საკმაოდ ბევრი მსმენელი ჰყავს, თუმცა ეს არ აისახება რადიოს, როგორც ბიზნესის, მდგრადობაზე“.
ეს სააგენტო რადიოსადგურებს წარუდგენს ბიზნესკომპანიებსა და სააგენტოებს და შეეცდება რეკლამა მოიპოვოს. ის ასევე ჩაატარებს ტრენინგებს რედაქციებისთვის, მოაწყობს სხვადასხვა ღონისძიებას და კამპანიებს...
რიჩ მაქლეარი


IREX-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, რადიოსთან დაკავშირებით რამდენიმე ცრუ შეხედულებაა გავრცელებული. იგივე კვლევა ააშკარავებს, რომ რეალურად ვითარება სულ სხვაგვარადაა. კერძოდ, გავრცელებულია აზრი, რომ რადიოს ძირითადად მოხუცები უსმენენ. კვლევა კი აჩვენებს, რომ რადიო ყველაზე მეტად უყვართ იმ ადამიანებს, ვისაც ოჯახი და ბავშვები ჰყავს, რაც რეკლამის შემკვეთებისთვის ძალიან კარგია. რადიოს მსმენელთა მხოლოდ 13 პროცენტია 55 წელს ზემოთ. გარდა ამისა, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ რადიოს ძირითადად მანქანაში კი არ უსმენენ, არამედ სახლში.

კონსულტანტი რიჩ მაქლეარი დარწმუნებულია, რომ რადიოს კარგი მომავალი აქვს. მისი თქმით, რადიო სოციალურ ქსელებთან ერთად ვითარდება და მობილურის მეშვეობით მას სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა უსმენს. მისი თქმით, საქართველოში რადიოების სარეკლამო ბაზარი ძალიან მცირეა და ამიტომაცაა საჭირო ერთობლივი სააგენტოს შექმნა. კერძოდ, 2013 წელს საქართველოში რადიოს ჯამური შემოსავალი მხოლოდ 9 მილიონ 900 ათასი ლარი იყო.

„ეს სააგენტო რადიოსადგურებს წარუდგენს ბიზნესკომპანიებსა და სააგენტოებს და შეეცდება რეკლამა მოიპოვოს. ის ასევე ჩაატარებს ტრენინგებს რედაქციებისთვის, მოაწყობს სხვადასხვა ღონისძიებას და კამპანიებს“.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენი მედიაორგანიზაცია დათანხმდება სააგენტოში გაწევრიანდეს; ასევე, კონკრეტულად როგორი სტრუქტურა ექნება მას - იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დონორებს მოიზიდავს, თუ საწევროს მეშვეობით იარსებებს. მსგავსი დეტალების განსახილველად რადიოსადგურების წარმომადგენლები მაისში შეიკრიბებიან.