რუსეთი უარს აცხადებს გაითვალისწინოს აშშ-ის გაფრთხილება - ხელი არ მოაწეროს ირანთან „ნავთობი პროდუქტის სანაცვლოდ“ შეთანხმებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს მუქარა არ შეაშინებს. „რია ნოვოსტის“ ცნობით, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-ირანის სავაჭრო ურთიერთობის გაფართოება „ბუნებრივი პროცესია და არ შეიცავს ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ან ეკონომიკურ საფრთხეებს“. რუსეთის გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, მოსკოვი ირანისგან დღეში 500 ათასი ბარელი ნავთობის შეძენას გეგმავს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ შეთანხმების ამოქმედებით დაირღვევა გასულ წელს მსოფლიო ექვსეულის მიერ ირანთან მიღწეული შუალედური შეთანხმება, რომელიც ირანს ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვასაც უწესებს. 7 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებს რუსეთსა და ირანს, თუკი ისინი შეთანხმებას ხელს მოაწერენ.