მოსწავლეთა გადაადგილების შეზღუდვა ადმინისტრაციულ საზღვარზე და განათლების სამინისტროს გეგმა

განმუხურის სიკოლა

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მოსწავლეებს თავისუფლად გადაადგილების უფლებას ისევ არ აძლევენ რუსეთის სამხედროები. მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო მთავრობის მოთხოვნის შემდეგ მოზარდების მშობლებმა ახალი დოკუმენტაციის მომზადება სცადეს, ოკუპირებული სოფლების ადმინისტრაციაში დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაპირებული მოსწავლის საშვი ვერ მიიღეს.

ერთი თვე შესრულდა, რაც ზუგდიდის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში მოსაზღვრე ოკუპირებული სოფლებიდან, - ოტობაიიდან, ნაკარღალიდან და ფიჩორიდან - შემოვლითი გზით, მოსწავლეთა მხოლოდ ნაწილი ახერხებს მისვლას. განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორის, ზურაბ ჯოლოგუას ცნობით, დღეს 18 მოსწავლიდან მხოლოდ 10-მა მოახერხა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა. აქედან 5 ოტობაიის მკვიდრია, დანარჩენი კი -ნაკარღალის. გადაადგილება დღესაც ვერ შეძლეს სოფელ ფიჩორში მცხოვრებმა მოზარდებმა.

ზურაბ ჯოლოგუა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დე ფაქტო მთავრობამ მოსწავლეებს შესთავაზა ისარგებლონ ოტობაია-ორსანტიის გამშვები პუნქტით, რომელიც ტერიტორიულად ხელსაყრელი არ არის:

„ოტობაია-ორსანტიის საზღვართან ფიჩორიდან რომ ბავშვები წამოვიდნენ, ამას უნდა 5-6 კილომეტრის გავლა. 6 კილომეტრის გავლა იქ უსაფრთხო არ არის. ოტობაიის ბავშვებს 2 კილომეტრი აქვთ გასავლელი და ეს ბავშვები მოვლენ, მაგრამ დანარჩენები - ნაკარღალი და ფიჩორი - ვერ მოვა. ამიტომ ჯერჯერობით შეჩერებულია ეს პროცესი და რა იქნება, არ ვიცი“.


განმუხურის სკოლის დირექტორის თქმით, დე ფაქტო მთვრობა მოსწალეებს გადაადგილებას მიზანმიმართულად უზღუდავს და ამას არც მალავს:

„ჩვენც გვაქვსო სკოლა აქ - ოტობაიაში, ფიჩორში და ნაკარღალში - და აქ იარეთო, უთხრეს ბავშვებს“.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ოთარ გოგოხიას განცხადებით, მისმა უწყებამ თხოვნით მიმართა ზუგდიდის გამგეობას და რწმუნებულის ადმინისტრაციას, რომ მოსწავლეები ტრანსპორტით უზრუნველყონ ოტობაია-ორსანტიის ე.წ. გადასავლელიდან განმუხურის სკოლამდე. ოთარ გოგოხიას სიტყვებით, საკითხი უკვე მოგვარებულია:

„’მარშრუტკა’ გამოყვეს იქ, სადაც საჭირო იყო. განმუხურის საზღვრიდან სკოლამდე მიკროავტობუსი დააყენეს და ეს პრობლემა მოხსნეს“.

ტრანსპორტის უკვე ამოქმედების ფაქტს არ ადასტურებენ განმუხურის სკოლაში. დირექტორის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი გეგმა არსებობს, თუმცა ზუსტად როდის განხორციელდება ის, არ იცის.

საქართველოს განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრში ამბობენ, რომ საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში რესურსცენტრის ხელმძღვანელი გონერ პაპავა აცხადებს:

„ჩვენ განცხადებით მოგვმართეს განმუხურის სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და დასაშვებია ორსანტიის გამშვები პუნქტიდან მოსწავლეთა გადაადგილება. სოფელ ოტობაიაში და ფიჩორში მცხოვრები მოსწავლეების მშობლები უზრუნველყოფენ საკუთარი შვილების ორსანტიის ხიდამდე, ანუ გამშვებ პუნქტამდე მიყვანას, შემდეგ შესაძლებელი იქნება ახალი სატრანსპორტო ხაზის ამოქმედება, რათა სასწავლო წლის ბოლომდე მოსწავლეთა უსაფრთხოდ გადაყვანა განხორციელდეს“.

გონერ პაპავას თქმით, საკითხის განხილვა იგეგმება ხუთშაბათს ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე და უკვე არსებობს მისი დადებითად გადაწყვეტის წინაპირობა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის სიტყვებით, მოსწავლეები ტრანსპორტით სარგებლობას უკვე მომდევნო კვირის დასაწყისიდან შეძლებენ.
განმუხურის სკოლაში მოსახვედრად, სადაც სასწავლებლად მოსაზღვრე სოფლებიდან - ოკუპირებული ოტობაიიდან, ფიჩორიდან და ნაკარღალიდან - დადიან, მოზარდებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. მიუხედავად სირთულეებისა, განათლების ქართულად მიღების, ასევე ჩვეულ მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან ყოფნის მიზეზით, ისინი ოკუპირებული რეგიონის სასწავლო დაწესებულებაში გადასვლას არ აპირებენ. მშობლებმა, ე.წ. მესაზღვრეების მოთხოვნის თანახმად, არაერთხელ განაახლეს მოზარდების საბუთები, თუმცა პირობით საზღვარზე შვილების თავისუფლად გადაადგილების გარანტია მაინც ვერ მიიღეს.

ოტობაია-განმუხურის პირობითი საზღვრის მსგავსად, გადაადგილება აეკრძალათ მოზარდებს საოკუპაციო ზოლის სხვა მონაკვეთებში.

მაგალითად, ფახულანი-საბერიოს ე.წ. გადასასვლელთან რუსეთის სამხედროებმა ახალგაზრდებს სექტემბერში განუცხადეს, რომ განათლების მიღება აფხაზეთშიც არის შესაძლებელი და ამ მიზნით საზღვრის გადაკვეთა საჭირო არ არის. აქ პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა, რაც მშობლებმა გალის ადმინისტრაციაში რუსულ ენაზე თარგმნილი მოსწავლის საშვები დაამზადეს.

გადაადგილების აკრძალვის მიზეზით, სწავლა უკვე შეწყვიტა მოსწავლეთა ნაწილმა ხურჩაში და ოკუპირებული საბერიოს სკოლაში გადავიდა. მანამდე ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარს ყოველდღიურად 25 მოსწავლე კვეთდა.