ლავროვი უარყოფს აშშ-ის კრიტიკას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო აშშ-ის ბრალდება, რომ რუსეთი მუშაობს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისათვის. ლავროვმა დღეს მოსკოვში გამოთქვა ასევე მოსკოვის მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებაში უკრაინის, შეერთებული შტატების და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად. ლავროვის თქმით, მოლაპარაკებაში უნდა ჩაერთონ აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის მკვიდრი რუსულენოვანი მოსახლეობის წარმომადგენლებიც. ლავროვის ეს გამოსვლა ერთ დღეში მოჰყვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებას, რომ რუსეთს „მეტი საფასურის“ გადახდა მოუწევს, თუ მას ეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინის დესტაბილიზაციაზე. ჯონ კერიმ და სერგეი ლავროვმა 7 აპრილს ტელეფონით ისაუბრეს უკრაინის კრიზისზე.