რუსეთი აფრთხილებს კიევს, რომ უკრაინის სამხრეთის რამდენიმე ქალაქში, სადაც რუსეთის მხარდამჭერმა აქტივისტებმა დაიკავეს სამთავრობო შენობები, ძალის გამოყენებამ, შესაძლოა, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „არსებული ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მათ შორის - დონეცკში, მიმდინარეობს უკრაინის შინაგანი ჯარებისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების მობილიზაცია, „მემარჯვენე სექტორის“ უკანონო შეიარაღებული ფორმირების ბოევიკების მონაწილეობით. მათ ამოცანად დაუსახეს კიევის ახლანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის მცხოვრებთა პროტესტის ძალისმიერი მეთოდით ჩახშობა. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ამ ოპერაციაში ჩართულია დაახლოებით 150 ამერიკელი სპეციალისტი კერძო სამხედრო ორგანიზაციიდან - „Greystone“, რომლებიც ქვედანაყოფ „სოკოლის“ ფორმებში არიან გადაცმული“. რუსეთის საგარეო უწყება აგრეთვე აცხადებს: „ამ პროვოკაციის ორგანიზატორები და მონაწილეები იღებენ უზარმაზარ პასუხისმგებლობას, როცა საფრთხეს უქმნიან უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებებს, თავისუფლებებსა და სიცოცხლეს, აგრეთვე - უკრაინის სტაბილურობას. მოვუწოდებთ მათ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი სამხედრო მზადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ომის გაჩაღება“.