ხუდონჰესი - 25 წელი ჩაკეტილ წრეზე

სვანეთი

2 აპრილს „კავკასიურმა სახლმა“ უმასპინძლა პრეზენტაციას მწერალ ნაირა გელაშვილის დოკუმენტური ფილმისა „ხუდონჰესი - საქართველოს ბედისწერა?“. 25 წუთიან ფილმში დეტალურადაა აღწერილი სადგურის აშენების განზრახვასთან დაკავშირებული 30-წლიანი დრამატული ისტორია და ყველა ის საფრთხე, რასაც, ფილმის ავტორის აზრით, ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული ობიექტის აშენება უქმნის სვანეთსა და დანარჩენ საქართველოს. ფილმის დასრულების შემდეგ „კავკასიურმა სახლმა“ გამოავლინა კონკურსის - „ძალადობის მრავალსახეობა საქართველოში - ხუდონჰესი“ - გამარჯვებულები.

2 აპრილს „კავკასიურ სახლში“ შეიკრიბა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ხუდონჰესის სახით ინვესტორი და მთავრობა აპირებენ ააშენონ სასიცოცხლო სივრცისათვის უდიდესი რისკის შემცველი ენერგეტიკული ობიექტი, რომელიც, როგორც მწერალი ნაირა გელაშვილი იხსენებს, საზოგადოების მედგარი წინააღმდეგობის გამო, ზუსტად 25 წლის წინ, 1989 წლის 30 ივნისს, შეჩერდა, როცა მაშინდელმა მინისტრთა საბჭომ შესაბამისი დადგენილება მიიღო:

„ხუდონჰესი არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, რომ უკანასკნელი 25 წელიწადი საქართველო ერთ წრეში ტრიალებს. იმიტომ, რომ ხუდონჰესის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო ჩვენი ბრძოლა უკეთესი მომავლისათვის, წესიერი ცხოვრებისათვის, ნორმალური სასიცოცხლო სივრცისათვის და ა.შ. და რომ გვეგონა, ეს პრობლემა მაინც მოშორებული გვქონდა, ისევ წინ დაგვიყენეს, რასთან ბრძოლასაც უამრავი სასიცოცხლო დრო, ენერგია და ნერვები მიაქვს“.

ნაირა გელაშვილი

ბრძოლაში ნაირა გელაშვილი იყენებს მწერლისთვის ხელმისაწვდომ ყველა საშუალებას - იქნება ეს პუბლიცისტური წერილები თუ საჯარო გამოსვლები. საზოგადოებას კარგად ახსოვს ცნობილი მწერლის ემოციური სიტყვა, წარმოთქმული 2013 წელს, ლიტერატურულ პრემია „საბას“ მიღებისას. დოკუმენტური ფილმი, ანუ ვიზუალური მასალით გამაგრებული არგუმენტები, ნაირა გელაშვილის თვისებრივად ახალი იარაღია. ფრაგმენტი ფილმიდან:

„არაერთი ისტორიული სოფელი აღმოჩნდება წყლის ფსკერზე და სამუდამოდ გაქრება საქართველოს ისტორიიდან. მათ შორისაა სოფლები: ხაიში, გაღმა ხაიში, ნალქერვალი, შგეთი, ციცხვარი, ლუხი, ლახანი, ტობარი… ხოლო იდლიანისა და ჭუბერის თემის სხვა სოფლებს, რომლებიც წყალში არ ჩაიძირება, გაუსაძლისი ყოფისა და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო მოუწევთ მშობლიური საცხოვრისების მიტოვება… ისიც უნდა იცოდეს ყველამ, რომ სხვადასხვა დროს ბარში გადასახლებულმა სვანებმა დაკარგეს სვანური ენა, ადათ-წესები, ყოფის თავისებურება. ასე ნადგურდება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული სოციუმების იერსახე და კულტურა, როცა მათ თავიანთ სამკვიდრებელს სწყვეტენ… ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ძველი სვანური მზის საგალობელი და ფერხული, რომელიც ადრე სვანების კულტურული ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო“.
ელექტროენერგიაც უნდა გვქონდეს, მაგრამ არც ტერიტორია უნდა დავტბოროთ და არც კუთხე უნდა დავცალოთ! შეიძლება ამის გაკეთება და რატომ ვქმნით პრობლემას? უნდა აშენდეს რამდენიმე მიკროჰესი...
ერეკლე საღლიანი

სვანეთის მკვიდრი, პოეტი ერეკლე საღლიანიც ამბობს, რომ ის გიგანტური სადგურებისა და, შესაბამისად, სვანეთის ძირძველი სოფლების დაცლის წინააღმდეგია და არა ზოგადად ჰესების მშენებლობისა.

„ელექტროენერგიაც უნდა გვქონდეს, მაგრამ არც ტერიტორია უნდა დავტბოროთ და არც კუთხე უნდა დავცალოთ! შეიძლება ამის გაკეთება და რატომ ვქმნით პრობლემას? უნდა აშენდეს რამდენიმე მიკროჰესი და არა გიგანტური ჰესი, რომელიც, საბოლოო ჯამში, არის ქვეყნისთვის გამანადგურებელი. ჩემს გარდაცვლილ მგობარს, პოეტ შერმადინ ქალდანს დავესესხები: ღმერთმა არ ქნას დაიცალოს საქართველოს სისხლსაცავი“, უთხრა რადიო თავისუფლებას ერეკლე საღლიანმა.

ერეკლე საღლიანი

დოკუმენტურ ფილმში ასევე ნაჩვენებია, თუ რა საფრთხეს უქმნის სადგურის მშენებლობა მოსახლეობას, გარემოს - სვანეთის ფლორასა და ფაუნას, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას და როგორი თავგანწირვით იცავენ ყოველივე ამას ხაიშელები.

ფრაგმენტი ფილმიდან. ნაირა გელაშვილის ხმა: „200-მა მამაკაცმა ძველი რიტუალი აღასრულა და წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცა, არ დატოვოს მშობლიური სოფელი, ეკლესია და სხვა სიწმინდეები. ხაიშელების ამ თავგანწირვას ისიც განაპირობებს, რომ მათ იციან: თუ ხუდონჰესი აშენდება, მას სწრაფად მიჰყვება სხვა დაგეგმილი ჰესები. ამდენად, ისინი მხოლოდ საკუთარ სოფელს კი არა, არამედ მთელ სვანეთს, მთელ საქართველოს იცავენ და კაცობრიობას უმშვენიერეს კუთხეს უნარჩუნებენ“.

ხაიშელი მამაკაცის ხმა: „აი, იქამდე უნდა დაიფაროს წყლით მთა, ჩემი სახლი იქ დგას და ჩემი ძმისაც. ესე იგი, ჩვენ იქ ვყვებით წყალში, მაგრამ ამას აღარ ვჩივით… სოფელი არ უნდა ჩაიძიროს, ჩვენს ეკლესიებსა და სალოცავებს, ჩვენს სოფლებს წყალში არ ჩავძირავთ. ხუდონჰესის გარეშე საქართველო რომ იღუპებოდეს, მის გადასარჩენად იყოს საჭირო, ხმას არ ამოვიღებდით, ჩვენც საქართველოს შვილები ვართ და თუ საჭირო გახდა, თავსაც შევწირავთ ჩვენს სამშობლოს, სახლებსაც და ჩვენს ოჯახებსაც, მაგრამ არ არის ასე!“
რეალურად ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. რაც მთავარია, ეს პროექტი მოიტანს რეალურ აყვავებას სვანეთის რეგიონისთვის...
ირაკლი ღარიბაშვილი

თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ საქართველოს მთავრობაში. მართალია, 2012 წლის არჩევნებამდე ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგი იყო „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ არჩევნების შემდეგ პოზიცია შეიცვალა როგორც მან, ასევე მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა:

„რეალურად ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. რაც მთავარია, ეს პროექტი მოიტანს რეალურ აყვავებას სვანეთის რეგიონისთვის“.

მთავრობა და, მათ შორის, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ამტკიცებს, რომ სწორედ ხუდონჰესის აშენების შემდეგ გათავისუფლდება საქართველოს ენერგეტიკა დეფიციტისგან. გამომუშავებული ენერგია 15 %- ით გაზრდის საქართველოს გენერაციას. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება 470 მილიონი კილოვატსაათი დამატებითი ენერგიის გამომუშავება ენგურჰესსა და ვარდნილჰესზე, ხოლო ბიუჯეტი, მათ შორის, ადგილობრივი, მიიღებს მნიშვნელოვან შემოსავალს.

„შემოსავლების სახით ქვეყანა ყოველწლიურად მიიღებს 45 მილიონ ლარს, აქედან 20 მილიონი ლარი რჩება სვანეთის მუნიციპალიტეტებში. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა თანხაა იმისათვის, რომ სვანეთის რეგიონი განვითარდეს ყველა მიმართულებით“, განაცხადა კახი კალაძემ.
სირცხვილია, მაკდონალდს 33 მილიონი შეჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და 1,5 მილიარდიან პროექტს 40 მილიონი და ამას გახარბებდეს...
დავით გულბანი

თუმცა ენერგეტიკის მინისტრის ამგვარი მარტივი ბუღალტერია მიუღებელია სვანეთის მკვიდრთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. ბალზემოელ დავით გულბანის თქმით, სვანური ენა იუნესკოს მიერ ისედაც შეტანილია მომაკვდავ ენათა ნუსხაში, გადასახლება კი უეჭველად გამოიწვევს სვანური ენის ოთხი დიალექტიდან ერთის გაქრობას:

„სახელმწიფომ, რადგანაც კალკულატორით ზის და ანგარიშობს და მიაჩნია, რომ ყველაფერი ის, რაც სადგურის აშენებას უკავშირდება, დათვლადია, შეაფასოს, რა იქნება სვანური ენის ღირებულება. რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს, სირცხვილია, მაკდონალდს 33 მილიონი შეჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და 1,5 მილიარდიან პროექტს 40 მილიონი და ამას გახარბებდეს“.

ფულზე ლაპარაკი და მთავარ კრიტერიუმად მატერიალური სარგებლის გამოცხადება კულტურის კრიზისად მიაჩნია მწერალ ლევან ბრეგაძეს, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატის, დიდი ბიოლოგის კონდრატ ლორენცის სიტყვებს იშველიებს.

„ადამიანია ერთადერთი ცოცხალი არსება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გადაშენდეს. ყველა სხვა ცოცხალი არსება ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ გადარჩეს და გამრავლდეს. მთელ მსოფლიოში ასეთი მდგომარეობაა. ჩვენთან, საქართველოში, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ეს არის სიხარბე. ქართველებს გვაქვს ერთი ასეთი ცუდი სასიმღერო ტექსტი: „რასაც შევჭამთ, ის შეგვრჩება“. მგონია, რომ ეს რაღაც ჰიმნია ჩვენი და გულისგულში ქართველი ამ დევიზით ცხორობს“, უთხრა ლევან ბრეგაძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა, ცხადია, არიან ისეთებიც, რომლებიც სულ სხვა დევიზით ცხოვრობენ. მაგალითად, ლექსო რატიანი - პოეტი და მომღერალი ბიჭი, რომლის სიმღერამ „გხედავ“ „კავკასიური სახლის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში („ძალადობის მრავალსახეობა საქართველოში - ხუდონჰესი“) პირველი პრემია დაიმსახურა. ფრაგმენტი სიმღერიდან:

ლექსო რატიანი

„დატბორავენ ხევს, გაასახლებენ ხალხს,
განწირული კაცი ეჭიდება ხავსს,
აქ არის მისი სახლი, აქ არის მისი გზა,
ეს ყველაფერი წყალში დაიძირება.
მიჩნდება კითხვა, რატომ? და პასუხს ველი,
რადგან მარტო ვერაფერს ვერ ვშველი.
ხელოვნური შუქით სახლის განათება,
ვერ იქნება ბუნების მოკვლის გამართლება.
და მე უნდა ვიწვე... ვიწვე და ვუყურო,
როგორ გამომთხრი მკერდში გიგანტურ ფუღუროს...“


სულ მალე ნაირა გელაშვილის დოკუმენტურ ფილმს გერმანულად და ინგლისურად თარგმნიან. ასევე იგეგმება მისი ჩვენება საქართველოს რეგიონებში. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ აპირებს ხაიშელთა ადვოკატირებას, თუმცა, გულხელდაკრეფილნი არც ენერგეტიკის სამინისტრო და ინვესტორი კომპანია არიან. ისინი იმედოვნებენ, რომ ყველა წინააღმდეგობას დაძლევენ და მიმდინარე წლის შემოდგომაზე სადგურის მშენებლობას დიწყებენ.