რასმუსენი: საქართველო რეგიონში სანიმუშო ქვეყანა შეიძლება გახდეს

ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, საქართველო „რეგიონში სანიმუშო ქვეყანა“ შეიძლება გახდეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გავრცელებისა და რეალური რეფორმების თანამიმდევრული განხორციელების თვალსაზრისით.

„საქართველომ დაადასტურა, რომ მას შეუძლია უსაფრთხოების ექსპორტი. თქვენ ხართ ნატოს არაწევრი უმსხვილესი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში. თქვენ ვალდებულება იკისრეთ, წვლილი შეიტანოთ ნატოს მიერ ავღანეთისათვის შემუშავებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“. და ჩვენ მივესალმებით თქვენს გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში,“ - ასეთი სიტყვებით მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შესავალ სიტყვაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნის დროს, ანდერს ფოგ რასმუსენმა „ღირსშესანიშნავი“ უწოდა საქართველოს პროგრესს დემოკრატიისა და თავდაცვის ”ამბიციური რეფორმების“ პროცესში და ხაზი გაუსვა „ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების“ აუცილებლობას.

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივნისისთვის დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს მოწიფული დემოკრატიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა „ნატოს განსაკუთრებული პარტნიორი“ უწოდა საქართველოს, რომელიც ალიანსში გაწევრიანებას ესწრაფვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მასთან პოლიტიკურ დიალოგსა და პრაქტიკულ თანამშრომლობასო, თქვა მან.

„დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ დაუშვებელია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ქვეყნებს აქვთ უფლება, თავადვე გააკეთონ არჩევანი და ამ არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას.

ნატო-საქართველოს კომისიაზე შეკრებილ ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რასმუსენმა შესთავაზა დისკუსია ალიანსის სამეზობლოში კრიზისზე, რომელიც უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიულმა მოქმედებამ განაპირობა.