საქართველოს მთავრობა მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა მოაწეროს ხელი საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება ძალიან სასიამოვნოა, საქართველო კი, თავის მხრივ, კვლავ ადასტურებს შეთანხმების ხელმოწერისთვის მზადყოფნას. ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა 20 მარტს ბრიუსელში დაადასტურეს, რომ საქართველოსა და მოლდავეთთან ასოცირების შეთანხმებებს აგვისტოს ნაცვლად ხელი არაუგვიანეს ივნისისა მოეწერება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას წინასწარ დაგეგმილზე ორი თვით ადრე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. „ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია პროცესის დაჩქარებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო მზად არის ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოსაწერად“, - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ. შეკითხვას ევროკავშირთან ინტეგრაციის ახალი ეტაპის გამო რუსეთისგან შესაძლო ზეწოლის თაობაზე, ფანჯიკიძემ უპასუხა, რომ საქართველო პრევენციულ ზომებს მიმართავს. „შესაძლო საფრთხები განსაზღვრულია და ჩვენ პრევენციული ღონისძიებების გატარება დაწყებული გვაქვს. რასაკვირველია, ყოველთვის შეიძლება მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი, თუმცა ვფიქრობ, ამ ეტაპზე მოვლენები შედარებთ მშვიდად წარიმართება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.