რუსეთის მთავრობა აპირებს დნესტრისპირეთის „იზოლაციაზე“ მსჯელობას

რუსეთის მთავრობა აპირებს, ხუთშაბათს იმსჯელოს მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში არსებულ ვითარებაზე. ამ რეგიონის ლიდერი, ევგენი შევჩუკი მოსკოვშია ჩასული კონსულტაციების ჩასატარებლად. რუსეთის ვიცე-პრემიერ დმიტრი როგოზინის განმარტებით, მინისტრები ისაუბრებენ დნესტრისპირეთის „ეკონომიკურ იზოლაციაზე“, რომელიც, როგოზინის ვარაუდით, გაღრმავდება, თუ მოლდავეთი, გეგმისამებრ, სექტემბერში ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. როგორზინის თქმით, უკრაინა ბლოკავს დნესტრისპირეთში განთავსებული რუსი სამხედროების მოსამარაგებლად განკუთვნილი ტვირთის გადაადგილებას. დნესტრისპირეთი, სადაც უმეტესწილად რუსულენოვანები ცხოვრობენ, 1990 წელს გამოეყო მოლდავეთს. რეგიონში განთავსებულია 1400-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე.