ფოტოკოლაჟით გააქტიურებული ზურაბ ჟვანიას საქმე

ზურაბ ჟვანია

ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ხანგრძლივი დაკითხის დასრულების შემდეგ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ დაკითხვის დეტალებზე საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ ყველაფერს გამოძიების დასრულების შემდეგ იტყვის. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ კი იგივე გაიმეორა, რასაც დაკითხვაზე შესვლამდე ამბობდა. ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და ლევან ჩაჩუა პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებულები იყვნენ ინტერნეტში ყოფილი პრემიერის - გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას - ფოტოკოლაჟის გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით. პროკურატურის ინფორმაციით, ცხედრის ექსპერტიზის ამსახველი ფოტოები სწორედ მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში არსებულ სეიფში, საქმის მასალებისგან განცალკევებით, იყო შენახული. ფოტოკოლაჟი ინტერნეტში 19 მარტს გამოჩნდა, ატვირთულია ვინმე ჰაკიმ ფაშას მიერ. მასზე ასახულია 2005 წელს გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას და მასთან ერთად გარდაცვლილი ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულის მოადგილის რაულ უსუპოვის ცხედრები.

პროკურატურაში დასაკითხად შესვლამდე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ აბსურდული უწოდა ვარაუდს, თითქოს ზურაბ ჟვანიას საქმეზე წინა ხელისუფლების მიერ წარმოებულ გამოძიებას ჰქონდა მტკიცებულებები, რომლებიც გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. მურთაზ ზოდელავამ ისიც ახსნა, თუ რატომ ინახებოდა, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებს, გარდაცვლილი ყოფილი პრემიერისა და ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულის მოადგილის რაულ უსუპოვის ექპერტიზის ამსახველი ფოტოები მისი კაბინეტის სეიფში:

„ჟვანიას საქმეში იყო გარკვეული დელიკატური მომენტები, რის გამოც სისხლის სამართლის საქმის ის ნაწილი, რომელიც განსაკუთრებული დელიკატურობით გამოირჩეოდა, ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ საქართველოს მთავარი პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში, მთავარი პროკურორის კაბინეტის სეიფში. სწორედ იმიტომ, რომ ამ ინფორმაციას არ გაეჟონა, ის ინახებოდა განსაკუთრებულ რეჟიმში და დრომ და სიტუაციამ აჩვენა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. დანარჩენ დეტალებში მე ვერ შევალ, განსაკუთრებით ვერ შევალ იმ დეტალებში, რომელიც ეხება სისხლის სამართლის საქმის ნაწილს, ვინაიდან მე, როგორც ყოფილი თანამდებობის პირი, ყოფილი პროკურორი, ვალდებული ვარ დავიცვა კონფიდენციალურობა და კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო იმ აბსურდულ ლოგიკას, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, პროკურატურა ავითარებს, თითქოს ჩვენ გვქონდა გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც დაანგრევდა გამოძიების არსებულ ვერსიას. ეს არის აბსურდი, ამგვარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მე მას სეიფში დავტოვებდი? გამეცით ლოგიკური პასუხი, თუ არსებობდა გამოძიების ვერსიის დამანგრეველი მტკიცებულებები, მე ჩავდებდი ამას სისხლის სამართლის საქმეში და დავუტოვებდი ამას სეიფში აჩიკო კბილაშვილს?“

19 მარტს ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებული ფოტოკოლაჟის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ფოტოები ყოფილი მთავარი პროკურორის კაბინეტში ინახებოდა:
„2012 წლის არჩევნების შემდგომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფოტო- და ვიდეომასალა აღმოჩენილ იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკევებით“.

მოცემულ მომენტში პროკურატურა დგას ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გვამების ექსჰუმაციის და ახალი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროების წინაშე, ვინაიდან საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზები არ არის სრულყოფილი...
ნათია მეზვრიშვილი
პროკურორ ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ფოტოების გავრცელება ემსახურება გამოძიების ფარგლებში დაგეგმილი პროცესების ხელშეშლას, ვინაიდან მასალის გამოქვეყნებამ შეიძლება გააძნელოს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება. ნათია მეზვრიშვილის თქმითვე, წლების განმავლობაში საქმესთან დაკავშირებით დატოვებულია მთელი რიგი გამოუკვლევი დეტალები და პროკურატურის მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ აღნიშნულ კითხვებს პასუხი გაეცეს. თუმცა ამ ეტაპზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, პროკურატურის მტკიცებით, საქმის დეტალების სრულად გამჟღავნება, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი:

„მოცემულ მომენტში პროკურატურა დგას ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გვამების ექსჰუმაციის და ახალი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროების წინაშე, ვინაიდან საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზები არ არის სრულყოფილი, მათში არ არის ნამსჯელი იმ ფიზიკური დაზიანებების შესახებ, რომლებიც გარდაცვლილებს აღენიშნებოდათ“.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსჰუმაციის საკითხზე მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და დასრულების ფაზაშია. რაც შეეხება ვიდეომასალის გავრცელებას და ავტორის იდენტიფიცირებას, პროკურატურა გამოძიების პროცესში აღნიშნულ საკითხსაც გაარკვევს, განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

თუნდაც ის ფაქტი, რომ ზურაბ ჟვანიას თავის არეში აღენიშნება სერიოზული დაზიანებები, ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციით, ეს იყო სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, ასევე სისხლჩაქცევები, თუმცა ის ფაქტი, რომ რაულ უსუპოვის ცხედარი ასევე ძალიან საეჭვო ვითარებაში არის აღმოჩენილი...
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტოების ავთენტიკურობის საკითხს მედიასთან საუბარში ეჭვქვეშ არ აყენებს გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია. მისი თქმით, ინტერნეტით გავრცელებული ფოტოები მას ადრეც ნანახი ჰქონდა, საქმის მასალებთან ერთად. თუმცა ფოტოების არსებობის თაობაზე არაფერი იცოდა გარდაცვლილი რაულ უსუპოვის მამამ იაშირ უსუპოვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ფოტოებიც და გამოძიების პროცესში ცხედრების ექსჰუმაციაც მეტ სიცხადეს შეიტანს საქმეში; ამასთან, ფოტოების გავრცელება საქმის ძიების პროცესს დააჩქარებს. ირაკლი ღარიბაშვილი საქმეში არსებულ საეჭვო გარემოებებზეც სვამს აქცენტს:

„თუნდაც ის ფაქტი, რომ ზურაბ ჟვანიას თავის არეში აღენიშნება სერიოზული დაზიანებები, ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციით, ეს იყო სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, ასევე სისხლჩაქცევები, თუმცა ის ფაქტი, რომ რაულ უსუპოვის ცხედარი ასევე ძალიან საეჭვო ვითარებაში არის აღმოჩენილი, მის ტანისამოსს თუ დააკვირდებით, ძალინ დამაეჭვებელია. ასე რომ, მე ვფიქრობ, ამ საქმეს აღარ სჭირდება ზედმეტი სპეკულაციები, პროკურატურას აქვს გაწერილი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ძალიან მალე დაასრულებენ გამოძიებას“.

გამოძიების ოფიციალური ვერსიის ეჭვქვეშ დაყენებით და სწორედ ფოტომასალის გავრცელებით გამოწვეულ სპეკულაციებზე ამახვილებს ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი გიგი წერეთელი ამბობს, ჯობია გამოძიების პროცესი დასრულდეს და, ამასთან, დასრულდეს ჟვანიას გარდაცვალების თემით სპეკულირება:

გამოძიება უნდა დასრულდეს და საზოგადოებამ უნდა ძალიან მალე გაიგოს იმის შესახებ, რა მოხდა სინამდვილეში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ეჭვები იყო მაშინვე, გარდაცვალების დღესვე, და, ცხადია, ამ ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი...
მანანა კობახიძე
„ოჯახის წევრმაც კი გააკეთა განცხადება, რომ ეს არის საქმის მასალებში არსებული ფოტოები და ძალიან საინტერესოა, პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს არ იცოდა ეს? არ უნახავს ეს სურათები და მან პირველად ნახა და არ გასცნობია საქმეს? ამიტომ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ისევ და ისევ ადასტურებს იმას, რომ ეს არის ხელოვნურად წამოწეული საკითხი აჟიოტაჟის ასატეხად და ჩვენი სურვილია, რომ ეს საკითხი დასრულდეს და პროკურატურამ გააკეთოს დასკვნა“.

საპარლამენტო უმცირესობა ჟვანიას საქმესთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროებასაც ითხოვს. გამოძიების დასრულების მომხრეა კოალიცია „ქართული ოცნებაც“. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, ეჭვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით წლებია არსებობს და კითხვებს საბოლოო პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ:

„გამოძიება უნდა დასრულდეს და საზოგადოებამ უნდა ძალიან მალე გაიგოს იმის შესახებ, რა მოხდა სინამდვილეში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ეჭვები იყო მაშინვე, გარდაცვალების დღესვე, და, ცხადია, ამ ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი“.

ინტერნეტში ფოტოების გავრცელების საკითხს გამოეხმაურა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ქართული ტელეარხებისთვის მიცემულ კომენტარში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ექს-პრემიერის გარდაცვალების ფაქტი მისი ხელისუფლების პირობებში უკვე გამოძიებულია. „ყველამ კარგად იცის ყველაფერი, მათ შორის, საერთაშორისო არენაზე“. ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საგარეო საფრთხეების ნაცვლად შიდა ინტრიგებზეა ორიენტირებული.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. ის და, მასთან ერთად, ქვემო ქართლის რწმუნებულის მოადგილე რაულ უსუპოვი თბილისში ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი გახდა გაზის გამათბობლიდან გამოჟონილი მხუთავი აირი.