მოსკოვსა და კიევში ჩადის გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი ვიზიტებს იწყებს რუსეთსა და უკრაინაში, ყირიმთან დაკავშირებული კრიზისის ესკალაციის ფონზე. ბან კი-მუნის ოფისის ცნობით, ხუთშაბათს ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება, შემდეგ კი უკრაინაში გაემგზავრება და მაღალჩინოსნებთან გამართავს შეხვედრებს, კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის გამონახვის მიზნით. პარალელურად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა ოთხშაბათს განაცხადა, რუსეთი შეიძლება დიდი რვიანის ჯგუფიდან სამუდამოდ გაირიცხოს, თუ ყირიმის ანექსირების შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ გადადგამს ნაბიჯებსო. ვილნიუსში ვიზიტით მყოფი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთი იზოლაციისკენ მიმავალ „ბნელ გზას“ ადგას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გამოვიდა უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მანდატზე სწრაფი შეთანხმების მიღწევის მოწოდებით. აშშ და ევროკავშირი ყირიმის ანექსირებას გმობენ და მას „მიწის მიტაცებად“ აფასებენ.