„ეს შენ გეხება, ნუ გვისმენთ“ - საპროტესტო აქციები რეგიონებში

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები საიას გორის ოფისში

უკანონო მიყურადების წინააღმდეგ სამოქალაქო კამპანიამ „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ რეგიონებში გადაინაცვლა. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც ამ კამპანიის შესახებ ისაუბრეს. ეს კამპანია არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა დაიწყეს და სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკონტროლო ფარული მიყურადების წარმოება, ბოლო რამდენიმე წელია, სერიოზულ პრობლემაა. სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საგამოძიებო ორგანოები წლების განმავლობაში, ყოველგვარი კონტროლისა და ნებართვის გარეშე, უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, ადვოკატებს, სასულიერო და სხვა პირებს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია. დაპირების მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებსა და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან. მობილურ ოპერატორებთან განთავსებული ე.წ. „შავი ყუთების“ მეშვეობით, სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობა აქვთ ერთდროულად მოუსმინონ ათიათასობით ადამიანს.

ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ გარანტიას და ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას. ცხადია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცავ უწყებებს უნდა ჰქონდეთ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით პირთა ვიწრო წრის მიმართ თვალთვალისა და მიყურადების უფლება, მაგრამ ეს უნდა ხორციელდებოდეს უკიდურეს შემთხვევაში და ეფექტური მონიტორინგის პირობებში, რითაც გამოირიცხება იმ პირთა პირადი ცხოვრების ხელყოფა, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ სამართალდამცავების მიერ გამოსაძიებელ დანაშაულთან, - ნათქვამია განცხადებაში. გორის ახალგაზრდული ორგანიზაცია „დროას“ წარმომადგენელი კატო ქოთოლაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტია განსაზღვროს.

სამოქალაქო ინიციატივის „ეს შენ გეხებას“ მოთხოვნაა არსებული კანონმდებლობის და პრაქტიკის შეცვლა საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით. ამ მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საპროტესტო აქციები დაიწყება. იურისტი თამარ თედლიაშვილი ამ აქციებს უერთდება.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებში არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს ამ ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ 19 მარტს გორში საზოგადოების წარმომადგენლები აქციაზე ქუჩაში გავლენ და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.

კამპანია „ეს შენ გეხება“ 2012 წლის თებერვალში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ერთად წამოიწყეს. მაშინ კამპანიის მიზანი იყო, მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და კონკურენტუნარიანი, ამომრჩევლებისათვის მისაღები წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა. სწორედ გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის პირდაპირი შედეგი იყო პარტიების დაფინანსების არადემოკრატიული წესის შეცვლა და წინასაარჩევნოდ ე.წ. „მასთ ქერისა“ და „მასთ ოფერის“ წესის შემოღება.