ბარაკ ობამა მოუწოდებს პალესტინასა და ისრაელს მოლაპარაკებისკენ

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოუწოდა პალესტინის ხელისუფლებას ისრაელთან მოლაპარაკების პროცესში მიიღოს რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ობამა ამ მოწოდებით ორშაბათს თეთრ სახლში, პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას გამოვიდა. აშშ-ის ინიციატივით, 29 აპრილს ისრაელმა და პალესტინამ ხელი უნდა მოაწერონ მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას. თუმცა ამ დრომდე მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უსაფრთხოება, იერუსალიმის სტატუსი, პალესტინელი დევნილების ბედი და საზღვარი ისრაელსა და პალესტინას შორის. ობამას სიტყვებით, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარება „რთულად მისაღწევ მიზანს“ წარმოადგენს, თუმცა, ამერიკული მხარე დარწმუნებულია, რომ ამ მიზნის მისაღწევად ამჟამად არსებობს ხელსაყრელი შესაძლებლობა.