პროკურატურამ ბრალდებულად ცნო შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ერეკლე კოდუა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულად ცნო შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ერეკლე კოდუა. მას პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ თაღლითობაში ადანაშაულებს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აგვისტოში, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი ერეკლე კოდუა თავის სამუშაო ოთახში შეხვდა ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებულ მერაბ რობაქიძეს, რომელსაც საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ მოთხოვა სახელმწიფოსთვის ორი ავტომანქანის შეძენა. პროკურატურის ცნობითვე, რობაქიძის მიერ ნაყიდი, საერთო ჯამში 90 ათასი დოლარის ღირებულების ორი ავტომანქანიდან ერთი კოდუამ სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაცვლად თაღლითურად გააფორმა მისი ვაჟის სახელზე, ავტომანქანით სარგებლობდნენ თავად ერეკლე კოდუა და მისი ოჯახის წევრები და მოგვიანებით 20 ათას დოლარად გააასხვისეს. პროკურატურის განცხადებით, იმავე წლის დეკემბერში ერეკლე კოდუამ "ტოიოტა ცენტრი თბილისიდან" შემდგომი გადახდის პირობით დედის, ლაურა ღაჭავასთვის შეიძინა 92 ათას დოლარად ღირებული ავტომობილი, თებერვალში კი შეხვდა ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებულ გიორგი გურჩიანს და მის ძმას, "ტოიოტა ცენტრის" დირექტორს ერეკლე გურჩიანს, რომლებსაც საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ მოსთხოვა ავტომობილის საფასურზე უარი და დამატებით ერთი ავტომანქანის შეძენა სახელმწიფოსთვის გადასაცემად. პროკურატურის ცნობით, გურჩიანმა ორივე პირობა შეასრულა, ღაჭავასგან თანხის მოთხოვნაზე უარი თქვა, თითქოსდა სახელმწიფოსთვის გადასაცემი ავტომობილი „ტიოტა“ კი მოტყუებით დარეგისტრირდა ერეკლე კოდუას მიერ შერჩეულ პირზე, მოგვიანებით – თავად კოდუას სახელზე და 2011 წელს კი 27ათას დოლარად გაასხვისდა. მთავარი პროკურატურის განმარტებით, თუ ბრალდებული საგამოძიებო ორგანოში არ მივა, საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით და ერეკლე კოდუა ძებნილად გამოცხადდება.