ახალი დისკურსისთვის ჩვენს თეატრში

ლელა კოდალაშვილის პიესების კრებული, რომლის პრეზენტაციაც მწერალთა სახლში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, გამომცემლობა ,,საუნჯემ“ დასტამბა. ზოგადად, საქართველოში პიესები ძალიან ცუდად იყიდება და ამიტომაც, შესაძლოა, კრებულის ექსტრავაგანტური ყდა და სათაური - "ცოლები გეგმავენ ღალატს“ - მკითხველის მისაზიდად გამიზნულ გარკვეულ ეპატაჟურ ხერხად მივიჩნიოთ.

სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ აირჩია ავტორმა კრებულისათვის სათაური, რომელიც რომელიმე ბულვარულ გამოცემას ეგებ ძალიანაც მოუხდებოდა, მაგრამ არა იმ სიღრმის დრამატურგიას, რაც ამ პატარა კრებულშია წარმოდგენილი.

წიგნი 4 სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის პიესას აერთიანებს, რომელთა თემატიკა და პერსონაჟები თითქოს განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მაინც არის საერთო ხერხემალი, რაც ამ ოთხივე პიესას კრავს და ერთ მხატვრულ მთლიანობად აღგვაქმევინებს. ესაა ქალის სექსუალობის კვლევა სხვადასხვა ასაკსა და სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ გარემოებებში.

ამ პიესებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ერთია სცენაზე გადატანილი. "ცოლები გეგმავენ ღალატს“ პროექტ ,,ახალი ტალღის“ გამარჯვებულია და 2011 წელს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგა რეჟისორმა პაატა ციკოლიამ, რომელმაც სათაური შეუცვალა და იქ ნაწარმოებს "ქალები ...ღალატი“ ერქვა.

ამ პიესის გმირები დაოჯახებული ქართველი ქალები არიან და თითოეული მათგანი თავისებურად ხსნის ქმრის პარალელურად გაჩენილ სასიყვარულო ურთიერთობას.

ლელა კოდალაშვილი ფიქრობს, რომ მის მიმართ ინტერესი ნაწარმოებში დასმულმა ფემინისტურმა პრობლემებმა განაპირობა. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მწერალი აღნიშნავს:

ლელა კოდალაშვილი

"ამ პიესებს აერთიანებს ერთი თემა, რომელიც, მე მგონია, რომ ჩვენთან - და ზოგიერთი თემა არამარტო ჩვენთან - არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური, იმიტომ რომ ქალს ჩვენთან აკლია თავისუფლება, ქალს ჩვენთან აკლია თვითდამკვიდრების მომენტი და ქალი არის რაღაც დონეზე დაკომპლექსებული და შეზღუდული, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს დიდი პოტენცია თავისუფლების. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ აქ არ იგულისხმება რაღაც თავაშვებულობა და ეს არ უნდა გავაიგივოთ თავისუფლებასთან. მართალია, ამ პიესებში ხშირად ლაპარაკია სექსუალურ თავისუფლებაზე, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა: ეს მინდა ისე იქნეს გაგებული, რომ ეს არანაირად არ ეხება მორალსა და ამორალურს შორის დგომას“.

ცხადია, ლიტერატურის და, მათ შორის, დრამატურგიის შეფასება ასე ცალსახად მორალური და ამორალური კატეგორიებით ძალზე დააკნინებდა, პირველ რიგში, სწორედ ლიტერატურის მნიშვნელობას, რომლის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, დაუფარავად აჩვენოს ადამიანის ყოფიერებისა და ადამიანური სამშვინველის სიღრმეები, მაგრამ ლელა კოდალაშვილის პიესებში პერსონაჟები ხშირად ისეთი ლექსიკით მეტყველებენ და ისე იქცევიან, შეუძლებელია ამან გარკვეული დისკომფორტი არ შემოიტანოს ქართული, ტრადიციული საზოგადოების ჩაკეტილ სივრცეებში, მეორე მხრივ კი, სერიოზულად არ დაგვაეჭვოს იმავე მწერლის განაცხადში, რომ ქალს ჩვენთან თავისუფლება და თვითდამკვიდრების მომენტი აკლია.

ცხადია, თემის ოპონირებისათვის ვინმე იმასაც განაცხადებს, რომ კოდალაშვილის მსგავსი შემთხევევბი არსებითად თითზე ჩამოსათვლელია და ეს ამ ადამიანთა პიროვნული გამბედაობის ჩარჩოებში თუ მოთავსდება, საერთოდ კი, ჩვენთან ურჩევნიათ, მსგავსი თემატიკა ან საერთოდ უგულებელყონ ანდა ამაზე ჩურჩულით ისაუბრონ.
ერთი შეხედვით, თითქოს ჩანს, რომ აქ არის რაღაც დიდი დოზით ეროტიკა და პორნოგრაფია, მაგრამ მე ვიტყვი აბსოლუტურად საპირისპირო რამეს: ეს არის სრულიად სხვა დისკურსი...
სოფიკო კვანტალიანი

კოდალაშვილი, პირიქით, ხმამაღლა ლაპარაკობს ყველა იმ საკითხზე, რაც სამზარეულოში თანამედროვე ქართველი ქალების, თუნდაც გარკვეული კატეგორიის, აქტიური მსჯელობისა და განხილვის საგანს წარმოადგენს, თანაც დრამატურგის განცხადებით:

"რაც შეეხება არანორმატიულ ლექსიკას, მე ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო, შევასრულო, ასე ვთქვათ, ბუნებრივი სახით, ნატურალური სახით დიალოგები. მე თვითონ აი, ამ ასაკის ვარ და, შესაბამისად, ჩემი ურთიერთობები ქალ მეგობრებთან და, თუნდაც, ნაცნობებთან, დაახლოებით, აი, ასე ვითარდება. როდესაც იქ მამაკაცი არ ფიგურირებს ახლომახლო, ქალები სწორედ ასეთი ლექსიკით საუბრობენ. და მე, აი, ეს საუბარი ბუნებრივი ფორმებით გამოვიტანე, ყოველგვარი შელამაზების და აკადემიური ჩარჩოების გარეშე. შევეცადე, ყოველ შემთხვევაში, რომ ბუნებრივი ყოფილიყო დიალოგები, რაც მიმაჩნია, რომ დრამატურგიაში ერთ-ერთი საკვანძო და ნიშნეული მომენტია“.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ამ პიესის დიალოგები, მართლაც, ძალიან ბუნებრივად არის დაწერილი, რაც დრამატურგის უდავო ნიჭიერებაზე მიუთითებს, თუმცა ოთხივე პიესაში გარკვეული დოზით და, განსაკუთრებით, ,,ქალები გეგმავენ ღალატში“. ზოგჯერ პრობლემა ან საკითხი დეკლარაციული, პათეტიკური ფორმით არის წარმოდგენილი და დამაჯერებლობას უკარგავს საერთო დრამატურგიულ კოლიზიებს.

კრებულის პირველ პიესაში მომეჩვენა, რომ პერსონაჟები ზედმეტად სქემატურად აზროვნებენ, იმდენად არიან იდეაზე და არა თავიანთი პიროვნული გრძნობების გააზრებაზე კონცენტრირებულნი.

ეს ნაკლი საერთოდ არ შეიმჩნევა წიგნის, ჩემი აზრით, ყველაზე გამართულ ნაწარმოებში - "ჩვენი უსიცოცხლო სხეულები“. აქ, ეპატაჟური ლექსიკისა და სიტუაციების მიუხედავად, პრობლემის უამრავი რაკურსი ძალზე სიღრმისეულად არის დანახული და, განსხვავებით დანარჩენი პიესებისაგან, სექსუალური თემატიკა განცალკევებული, მოწყვეტილი არ რჩება საერთო ქსოვილიდან. ამ პიესაში ასაკოვანი ადამიანების მარტოობა მათი სექსუალური უძლურების ნაწილია, უძლურებისა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია სურვილი იმისა, რომ უყვარდეს და იყოს საყვარელი...

პოეტი სოფიკო კვანტალიანი ლელა კოდალაშვილის წიგნის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს:

სოფიკო კვანტალიანი

"ერთი შეხედვით, თითქოს ჩანს, რომ აქ არის რაღაც დიდი დოზით ეროტიკა და პორნოგრაფია, მაგრამ მე ვიტყვი აბსოლუტურად საპირისპირო რამეს. ეს არის სრულიად სხვა დისკურსი. როგორც ბოდრიარი ამბობს, ეს არ არის ფუნქციონალური ეროტიზმი, ეს არის, უბრალოდ, აბსოლუტური გულწრფელობისთვის ქართველი ქალის კონტექსტის გახსნა, საიდანაც შეიძლება ის გენიტალიაც გამოჩნდეს, ის ყველაფერიც, მაგრამ სიწრფელისთვის და სიცხადისთვის ეს აუცილებელი კომპონენტია. ამიტომ ვთვლი, რომ ლელა კოდალაშვილის პიესებში არ არის ეროტიკა. ეს არის ჰიპერეროტიკა, ანუ ეროტიკის სიკვდილი. ანუ სხვა ტიპის ეროტიკა, რომელსაც სრულიად სხვა თვალით უნდა წაკითხვა“.

წაკითხვას რაც შეეხება, სასურველია, რეჟისორებმა მაინც წაიკითხონ ლელა კოდალაშვილის ეს პიესები, რადგან ძალზე ხშირად გამიგონია წუწუნი, რომ ჩვენთან დრამატურგია აღარ ან თითქმის აღარ იწერება. სინამდვილეში, მე მგონი, უბრალოდ, პრობლემა ძალიან მარტივია: ისინიც კი, ვისაც საამისოდ პროფესიული ინტერესი უნდა უბიძგებდეს, დრამატურგიას საერთოდაც აღარ კითხულობენ, თორემ თუნდაც ამ კრებულში დაინტერესებული კაცი ნახავს 4 პიესას, რომელთა სცენაზე გაცოცხლება ახალი დისკურსი იქნებოდა ჩვენს თეატრში.