პაკისტანის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქალაქ კარაჩიში დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებას 14 ადამიანი შეეწირა, მათ შორის ოთხი ქალი და ორი ბავშვი. ოთხშაბათს მომხდარ შეტაკებაში შემთხვევითი გამვლელებიც მოყვნენ. დაშავებულია 40-მდე პირი, მათ შორის ბავშვები. პოლიციის მაღალჩინოსნის, ფაიზალ ბაშირის განცხადებით, დაჯგუფებებმა ერთმანეთს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს და ყუმბარებიც დაუშინეს. გავრცელებული ცნობებით, ძალადობამ მას შემდეგ იფეთქა, რაც ერთ-ერთმა დაჯგუფებამ მეორის წევრი გაიტაცა. შეტაკება მოხდა კარაჩის ღარიბ უბან ლუარიში, სადაც ხშირია ძალადობა კრიმინალურ, პოლიტიკურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე.