სოფელი ექიმისა და აფთიაქის გარეშე - ხურჩაში დახმარებას ითხოვენ

ხურჩა

ზუგდიდის სოფელ კოკის უბნის, ხურჩის მოსახლეობა ამბულატორიისა და აფთიაქის გახსნას ითხოვს. ამ დროისთვის ხურჩაში, რომელსაც ოკუპირებული ნაბაკევისგან ერთი პატარა ღელე, „ხურჩია“, ყოფს, არ არის სამედიცინო პუნქტი, სადაც პირველადი დახმარების მიღება იქნებოდა შესაძლებელი. მოსახლეობა,საჭიროების შემთხვევაში, სოფელში მცხოვრები ერთადერთი ექთნისა და ზუგდიდიდან გამოძახებული სასწრაფო დახმარების იმედადაა.

„ჩვენ შორს ვცხოვრობთ. იქიდან აფხაზეთია, აქედან - საქართველო. დევნილების უმეტესობაც აქ ცხოვრობს. სოფელში სულ 114 კომლი ვართ და ერთი სამედიცინო პუნქტი ხომ საჭიროა?!“, - კითხულობს მურთაზ შონია.

„ექიმი თუ არა, ექთანი მაინც გვყავდეს - ან სისტემას დაგვიყენებს და ან რამე კიდევ... სოფელში აფთიაქიც არ გვაქვს. სამგზავრო მანქანას ვატანთ ფულს და მას მოაქვს. ეს მთელი სოფლის მოთხოვნა და გასაჭირია, რომ იყოს ამბულატორია და აფთიაქი“, - უთხრა რადიო თვისუფლებას ზოია ქარდავამ.
ხურჩელები გაკვირვებული არიან, რომ, მთავრობის ინიციატივით, სხვა სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს, მათ სოფელს კი, სადაც მოსახლეობა დიდი ხანია სამედიცინო პუნქტს ითხოვს, უპირატესობა არ მიანიჭეს.

„ეს მაშინ, როცა გამგეობაში არაერთხელ გვქონდა შესაბამისი მოთხოვნით წერილი გაგზავნილი“, - ამბობს ზოია ქარდავა.

ხურჩაში ამბულატორიის მშენებლობა პრობლემას მოხსნის არა მარტო ამ სოფლისთვის, არამედ მის ახლოს მდებარე სოფლებისთვისაც, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს...
მალხაზ ჭკადუა
მოსაზღვრე სოფლისთვის რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამბულატორია და აფთიაქი, ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისშიც აღნიშნავენ. ორგანიზაციამ, სოფელ ხურჩის პრობლემების შესწავლის მიზნით, გასულ წელს სამუშაოები ჩაატარა. შედეგად, მომზადდა კვლევა, სადაც აღინიშნა, რომ, უპირველესად, სოფელში გზის მშენებლობა, ამბულატორიისა და აფთიაქის მოწყობაა აუცილებელი.
ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ჩამოთვლილი პრობლემებიდან ერთ-ერთი - გზის საკითხი - მოგვარდა, თუმცა უცვლელი რჩება მთავარი - სოფელში სამედიცინო პუნქტის არარსებობა:

„ხურჩაში ამბულატორიის მშენებლობა პრობლემას მოხსნის არა მარტო ამ სოფლისთვის, არამედ მის ახლოს მდებარე სოფლებისთვისაც, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. 2013 წელს ხურჩელებმა ჩვენ გვითხრეს, რომ ხშირ შემთხვევაში ურჩევნიათ გადავიდნენ გალის ტერიტორიაზე შემოვლითი გზით, რათა მიიღონ სამედიცინო დახმარება: ხდებოდაო ასეც, რომ ჩვენ ვიძახებდითო სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გალიდან და ისინი უფრო დროულად მოდიოდნენ, ვიდრე ზუგდიდის სამსახური. ამიტომაც მიმაჩნია, რომ პრიორიტეტები სწორად უნდა განსაზღვრულიყო“.

2014 წლის დასასრულისთვის ყველა სოფელს ექნება ამბულატორია, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო აპარატურით. გამგებელი თანახმაა სთხოვოს ზუგდიდში მოქმედ ყველა სააფთიაქო ქსელს გახსნას სოფელში აფთიაქი...
მაია ღურწკაია
მალხაზ ჭკადუას თქმით, სია სოფლებისა, რომლებიც პირველ ეტაპზე საჭიროებდნენ ამბულატორიას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადასცა, მას კი ინფორმაცია, თავის მხრივ, ადგილობრივმა მთავრობამ მიაწოდა. „ამიტომ პრიორიტეტულ სოფლებში ხურჩის ჩანიშვნა სწორედ მისი კომპეტენცია იყო“, - თვლის ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამბულატორია სამ სოფელში აშენდა. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ღურწკაიას ცნობით, იგეგმება სამედიცინო პუნქტების მოწყობა სხვა სოფლებშიც:

„2014 წლის დასასრულისთვის ყველა სოფელს ექნება ამბულატორია, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო აპარატურით. გამგებელი თანახმაა სთხოვოს ზუგდიდში მოქმედ ყველა სააფთიაქო ქსელს გახსნას სოფელში აფთიაქი, თუმცა ისინი კერძო კომპანიებია და ამიტომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, აქვთ თუ არა მათ საშუალება, გახსნან სოფლებში ფილიალები“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისგან პრობლემის მოგვარების პირობა მიიღო. უწყებაში, ორგანიზაციის წერილის პასუხად, განმარტეს, რომ „იზიარებენ მის მოსაზრებას სოფელ ხურჩაში ამბულატორიის მშენებლობის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რაც ამ ეტაპზე თანხების სიმცირის გამო ვერ განხორციელდა“. სამხარეო ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ „პროექტის მეორე ეტაპისთვის ხურჩაში ახალი ამბულატორია აშენდება“.

საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობისთვის 2,4 მილიონი ლარი გამოყო.

ამბულატორიებს მუნიციპალიტეტების მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი დაამონტაჟებს.

პროექტს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ. გრაფიკის მიხედვით, 81 ამბულატორიის მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით 2014 წლის სექტემბერში დასრულდება.