თურქეთი ყირიმელ „ძმებსა“ და რუსეთთან კარგ ურთიერთობას შორის

უკრაინის სამხედრო ხომალდი ბოსფორის სრუტეში, სტამბოლი.

ყირიმის პრომოსკოვურად განწყობილი ლიდერები ცდილობენ ნახევარკუნძული უკრაინას ჩამოაშორონ - ასეთ ფონზე, ყირიმელი თათრების ლიდერებმა მხარდაჭერისთვის მიმართეს თურქეთს, სადაც ყირიმელი თათრების მსხვილი დიასპორა სახლობს. მაგრამ მოსკოვისთვის სანქციების დაწესება ანკარას შეიძლება ძვირად დაუჯდეს.

კომპიუტერული ტექნოლოგიების 35 წლის სპეციალისტის სერკან სავას წინაპრებმა ყირიმი ლტოლვილთა მასობრივ ტალღასთან ერთად დატოვეს, დაახლოებით, 150 წლის წინ - მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერიამ ყირიმის ომში რუსეთის ზეწოლის მოგერიება შეძლო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თავად დაიშალა.

ერთი საუკუნის შემდეგ სავას ბებიასა და პაპას რომლებსაც იმ დროისთვის უკვე მყარად გაედგათ ფესვები ოსმალეთის იმპერიის შემდგომ თურქეთის რესპუბლიკაში, ესმოდათ ამბები საბჭოთა დიქტატორის, სტალინის მიერ ასიათასობით ყირიმელი თათრის შუა აზიაში დეპორტაციის შესახებ. გადასახლება 1944 წელს მოხდა და 100,000-მდე სიცოცხლე შეიწირა.

ამ დღეებში - 2014 წლის 8 მარტს - სავა სტამბოლში, რუსეთის საკონსულოს შენობის წინ, კოკისპირულ წვიმაში იდგა და 250-მდე სხვა დემონსტრანტთან ერთად აქციას მართავდა. მოსკოვის მმართველობის ქვეშ ცხოვრებამ ყირიმელ თათრებს „ბევრი ცუდი მოგონება“ დაუგროვა და ახლა თურქეთმა თავისი გავლენა საიმისოდ უნდა გამოიყენოს, რომ ეს შავი ზღვის ნახევარკუნძული უკრაინის შემადგენლობაში დარჩეს და რუსეთმა მისი ანექსირება ვერ მოახდინოსო, აცხადებდნენ დემონსტრანტები.

ყირიმი ახლა რუსეთის ძალების მიერაა ოკუპირებული. ნახევარკუნძულის პარლამენტი, სადაც დომინანტურ ძალას ეთნიკური რუსები წარმოადგენენ, რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას უჭერს მხარს. ამ საკითხზე რეფერენდუმი 16 მარტსაა დანიშნული. ასეთ ფონზე, ყირიმელი თათრები შფოთავენ - რა შეიძლება მოუტანოს მათ რუსეთის მმართველობის ქვეშ ცხოვრების ახალმა პერიოდმა.

მაგრამ თუკი ყირიმელი თათრების რუსეთთან ურთიერთობა ტრაგედიითაა დაღდასმული, თურქეთი მოსკოვთან პოტენციურ კონფლიქტს შიშით უყურებს.

თურქეთს ახსოვს წარსულში მომხდარი, დემორალიზაციის მომტანი არაერთი სამხედრო მარცხი. ამასთან, მას კარგად ესმის აწმყოც, რომელშიც თურქეთს რუსეთთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გამოარჩევს. მოხმარებული ბუნებრივი აირის ნახევარს ის რუსეთისგან იღებს.

„რუსეთი ერთადერთი მეზობელია, რომელსაც თურქეთი რეალურად უფრთხის, ისტორიული და თანამედროვე მიზეზების გამო“, - ამბობს სონერ ჯაგაფტაი, ავტორი წიგნისა „თურქეთის აღმასვლა: 21-ე საუკუნის პირველი მუსლიმური წამყვანი ძალა“. ჯაგაფტაი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში განთავსებულ ერთ-ერთ კვლევით ცენტრში მუშაობს, დასძენს: „ბევრ თურქს ისტორიიდან გამომდინარე აქვს რუსული დათვის გაღვიძების შიშიო“.

ერთი შეხედვით, ყირიმელი თათრები, - თურქულენოვან ტომთა შთამომავალი ხალხი, - რომელთა დიასპორა თურქეთში მილიონებს ითვლის, ესადაგებიან როლს, რომელიც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მოირგო.

ისლამისტური ფესვების მქონე, სამართლისა და განვითარების პარტიის ლიდერი ერდოანი დიდ ძალისხმევას ახმარს ანკარის წარმოჩენას მის პერიფერიებში მცხოვრები მუსლიმების დამცველად. ერდოანი მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა ეგვიპტეში „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერის და პრეზიდენტის მუჰამედ მურსის დამხობას. ამასთან, ის ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ლიდერი იყო, რომელიც გამოვიდა სამხედრო ინტერვენციის მოწოდებით სირიაში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.

უკრაინაში პოლიტიკური მღელვარებისა და შემდეგ პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის ფონზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ უცხოეთის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, რომელმაც კიევში უკრაინის ახალ მთავრობასთან გამართა შეხვედრა.

პირადად ერდოანმა განაცხადა, რომ ყირიმელ თათრებს არ მიატოვებს მაშინ, როცა მათ დახმარება ესაჭიროებათ.

თუმცა, ამავე დროს, ერდოანმა დიდი ძალისხმევა დაახარჯა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის გაღრმავებას და, სავარაუდოდ, ის არ გადადგამს ნაბიჯს, რომელსაც ანკარასა და რუსეთს შორის კავშირების სერიოზული დაზიანება შეუძლია.

ანალიტიკოსი ჯაგაფტაი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს: „თუ ერდოანის სწრაფად ცვალებად პოლიტიკურ სტილს დააკვირდებით, მას ხმა აუმაღლებია, ალბათ, ყველა ლიდერთან, ვისთანაც კი საქმე დაუჭერია, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების გამოკლებით. არა იმიტომ, რომ ისინი მას მაინცდამაინც მოსწონს, არამედ იმის გამო, რომ თურქეთი თავისი გაზისა და ნავთობის, დაახლოებით, სამ მეოთხედს სწორედ ირანისა და რუსეთისგან იღებს“.

ჯაგაფთაის აზრით, ანკარა, ალბათ, ითანამშრომლებს ევროპასთან, რომელიც რუსეთისთვის შეზღუდული სანქციების დაწესების წინადადებით გამოდის, თუმცა, სავარაუდოდ, ის ამ პროცესში ლიდერის როლს არ მოირგებს, თუკი ყირიმელ თათრებს მასშტაბური ძალადობა არ დაატყდათ თავს.