პაკისტანის მთავრობამ თალიბებთან მოლაპარაკება განაახლა

პაკისტანის მთავრობამ და თალიბებმა სამშვიდობო მოლაპარაკება განაახლეს ექსტრემისტების ბოლოდროინდელი თავდასხმების მიუხედავად. ორი მხარის წარმომადგენლები ოთხშაბათს შეიკრიბნენ ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ აკორა ხატაკში მას შემდეგ, რაც პაკისტანელმა თალიბებმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადეს ცეცხლის ერთი თვით შეწყვეტის შესახებ. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკება გადამწყვეტ ეტაპზეა გადასული. მთავრობის წარმომადგენელი იუწყება „დამაკმაყოფილებელი პროგრესის“ შესახებ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის მთავრობამ თალიბებთან მოლაპარაკება დაიწყო მათი ამბოხებისთვის ბოლოს მოღების მიზნით, მაგრამ სამშვიდობო პროცესი შეწყდა მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებმა გასულ კვირაში დახოცეს მძევლად აყვანილი 23 ჯარისკაცი. პაკისტანში ოთხშაბათსაც მოჰყვა მსხვერპლი ძალადობას - ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. თალიბანი აცხადებს, რომ აფეთქება მას არ მოუწყია.