ოსურ მხარესთან სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების გაწმენდის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჭიანურდება, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებნი კი ვერ ერკვევიან, დაამუშაონ თუ არა მიწის ნაკვეთები და კითხვებით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ. ამბობენ, რომ მიწის დამუშავებას აზრი არ ექნება, თუ ზაფხულისთვის სარწყავი წყლის დეფიციტი ისევ დღის წესრიგში იდგება. როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არსებული სარწყავი არხების აღდგენითაა დაკავებული, მაგრამ რწყვის სეზონზე თუ ამ არხებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ზონკარის წყალსაცავიდან დამატებითი რესურსი არ მიეწოდა, დეფიციტი შეიქმნება. რამდენიმე თვეა ოსურ მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართველი სპეციალისტების შეშვებისა და იქ არსებული მიწით ამოვსებული სარწყავი არხების გაწმენდის თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით - უშედეგოდ. გარდა ამისა, ქართული მხარე სასმელი წყლის რეზერვუარების გაწმენდასაც ითხოვს. მაგალითად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე რამდენიმე თვეა დღის წესრიგში სოფელ კოშკასთვის მეზობელი ოსური სოფლიდან სასმელი წყლის მიწოდების საკითხი დგება, მაგრამ პროცესი ჭიანურდება. ოსური მხარე მუდმივად საკითხის შესწავლას იმიზეზებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კოშკელები ახერხებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და იქ არსებული სათავე ნაგებობისთვის ყურადღების მიქცევას, მაგრამ რაც მავთულხლართების დამონტაჟება დაიწყო, ეს უკვე შეუძლებელი გახდა. ერგნეთში ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე კი ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ მოულოდნელად განაცხადა რომ წყარო, რომლითაც სასმელი წყლის რეზერვუარი ივსებოდა, 25 წლის წინ დაშრა და ქართულ მხარეს მოუწოდა ამ თემაზე საუბარი დაასრულოს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი გელა ზოზიაშვილი რამდენიმე თვეა ოსურ მხარესთან სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისთვის გაგლოითის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ქართული სოფელი ერთი წლის წინ იმ წყაროდან მარაგდებოდა, რომელიც გაგლოითიმ დიდი ხნის წინ დამშრალად გამოაცხადა. ზოზიაშვილი ფიქრობს, რომ ოსმა სპეციალისტებმა რეზერვუარის შემავსებელ წყაროს ვერ მიაგნეს, რომელიც ახლა ლამით და ქვა-ღორღითაა სავსე და წყალს აღარ ატარებს.
ზოზიაშვილის აზრით, თუ ოსური მხარე ამ პროცესში ქართველი სპეციალისტების ჩართვაზე დათანხმდა, სათავე ნაგებობის აღდგენა რამდენიმე საათში მოხერხდება. წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი იმედს არ კარგავს და ოსურ მხარესთან კოშკას სასმელი წყლით უზრუნველყოფის თაობაზე მოლაპარაკებას განაგრძობს.