საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერბიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2011 წლის 26 მაისს, თბილისში საპროტესტო აქციის ძალით დაშლის საქმეზე. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ მერაბიშვილი უდანაშაულოდ ცნო იმავე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ვანო მერაბიშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.