ცხინვალთან ახლოს ქართულ სოფლებში გლეხები ხეხილს ჭრიან

საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში - ქორდში, დიცსა და არბოში -ადგილობრივი მოსახლეობა ვაშლის ხეებს ჭრის და გასათბობად იყენებს. ამ სოფელს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სარწყავი წყლის მიწოდება შეუწყვიტეს, სათავე ნაგებობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩა და დე ფაქტო ხელისუფლებამ ისინი გადაკეტა. ამ დროის განმავლობაში ხეხილის ბაღები გადახმა. ქორდის მცხოვრები თამაზ ჯალაბაძე საკუთარ ნაკვეთში გადამხმარ ხეებს თვითონვე ჭრის და საწვავად იყენებს. სახელმწიფოს მიერ 200 ლარიანი ენერგოვაუჩერები გლეხებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მისი აზრით, სარწყავი წყალი რომ დროზე ჰქონოდათ, ხეხილი არ გახმებოდა.

ჯალაბაძეს არც მოსავალი აქვს და არც შემოსავალი. ადგილობრივმა გლეხმა წელს პირველად გადაწყვიტა, რომ საარსებოდ მცირეოდენი ვაშლი მეზობელ სოფლებში შეეძინა და ბაზარზე გაეყიდა. გლეხი რომ სოფელში ვაშლის ყიდვას დაიწყებს, იმ სოფლის საქმე წასულიაო, ამბობს ჯალაბაძე.

კონფლიქტის ზონის სოფლებში ყველაზე მეტად სარწყავი სისტემის მოწესრიგებას მოითხოვენ, რადგან იმ ბაღების მფლობელები, ვისაც ახალგაზრდა ნამყენები აქვთ ჩაყრილი, ფიქრობენ, რომ რამდენიმე გვალვის შემთხვევაში სოფლებში ხეხილი სანთლით საძებნელი გახდება. გარდა ამისა, ეს სოფლები გასულ წელს სეტყვამაც დააზარალა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი ხიდაშელი აცხადებს, რომ წელს გორის რაიონის სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხი გაუმჯობესდება, რადგან მიმდინარეობს სარწყავი სისტემების აღდგენა-გაწმენდა. გარდა ამისა, მისი თქმით, ოსურ მხარესთან მოლაპარაკება აქვთ წყლის გამოშვების თაობაზე.

რამდენიმე დღის წინ შიდა ქართლში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ მთავრობის პრიორიტეტი რეგიონში სარწყავი სისტემების აღდგენა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა. ქორდში, დიცსა და არბოში, ნაცვლად იმისა, რომ ხეხილს სხლავდნენ, ახლა ამ ხეხილის დაჭრით არიან დაკავებულები. კონფლიქტის ზონის სოფლებში პრობლემების სასწრაფოდ მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ მცხოვრები ადამიანები მძიმე სოციალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.