პრეზიდენტი პარლამენტში და გლოვა უკრაინაში

გასული კვირის მოვლენები თითქმის მთლიანად გადაფარა უკრაინაში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ხელსუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბოლო ორი დღეა უკრაინაში გლოვაა გამოცხადებული. მიუხედავად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გარკვეული კონსენსუსის მიღწევისა, ვითარება იქ კვლავაც დაძაბული რჩება. უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად აქციები თბილისშიც იმართებოდა. ამ კვირაში სწორედ უკრაინის საკითხით დაიწყო თავისი მოხსენება პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც პრეზიდენტის რანგში პირველად წარდგა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.

უკრაინაში უმძიმესი კვირის ბოლოს - მას შემდეგ, რაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა - უკრაინის ოპოზიცია დაეთანხმა და ხელი მოაწერა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად შეთავაზებულ გეგმას. შეთანხმება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების 2014 წლის დეკემბერში ჩატარებას, 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენას, საპრეზიდენტო ძალაუფლების შეკვეცას და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებას ითვალისწინებს.

დოკუმენტზე ხელმოწერიდან ორ საათში, პირველივე საკანონმდებლო ცვლილებით, უკრაინის პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებისა და კონტროლის უფლება აღიდგინა, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენა, სხდომის ბოლოს კი პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მიიღო.
მასობრივი აქციების შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ორდღიანი გლოვა გამოცხადდა. უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 18-20 თებერვალს ძალადობრივ დაპირისპირებებში 77 ადამიანია დაღუპული, თითქმის ყველა -სნაიპერის ტყვიით.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ეხმაურებოდნენ საქართველოშიც - როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების წევრები. გაიმართა რამდენიმე სოლიდარობის აქციაც.

გასულ კვირაში 50-ზე მეტმა ევროპულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, კვლევითმა ინსტიტუტმა თუ ანალიტიკოსმა მოაწერა ხელი მიმართვას, უკრაინაში მიმდინარე სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ხაზი გადაუსვა საკუთარი ხალხის თავისუფალ ნებას - ევროპულ არჩევანს; იანუკოვიჩი მზად არის სასიკვდილოდ გაიმეტოს უკრაინელები და სერიოზული ხიფათი შეუქმნას უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის სწრაფვას ევროპული ოჯახისკენ - ასეთი აქცენტებია დასმული განცხადებაში, რომელიც, ევროპის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სახელით, 20 თებერვალს გამოქვეყნდა და რომლის ძირითადი ადრესატი ევროკავშირი გახლავთ. მიმართვის ინიციატორები არიან „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS). „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე დარწმუნებულია, რომ დღეს უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება და რომ თუკი რუსეთმა იქ თავის მიზანს მიაღწია, შემდეგ უკვე საქართველოსაც მოუბრუნდება. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ჩვენთან საუბრისას არ ეთანხმება მათ, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთს საქართველოში თავისი მიზნების მიღწევა გაუჭირდება, რადგან, ევროპისკენ სწრაფვის თაობაზე მტკიცე კონსენსუსის გამო, ის თითქოს აქ სერიოზულ საყრდენს ვერ იპოვის.

მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგას, ვიქტორ იანუკოვიჩს, ყველა ძალისხმევა იხმაროს, რათა გააჩეროს ძალადობა მომიტინგეთა მიმართ და დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან...
გიორგი მარგველაშვილი
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საკმაოდ ბევრი მტკივნეული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება მოგვიწევს, რომლის შედეგადაც გარკვეული უკმაყოფილო ჯგუფები გაჩნდებიან. ამ ინტერესთა ჯგუფების გამოყენება საქართველოს ევროპული არჩევანისა და ვექტორის წინააღმდეგ ძალიან მარტივად შეუძლია რუსეთის ფედერაციას. ის დისკუსია, რომელიც საქართველოშია, ვთქვათ, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით და ასე შემდეგ, ეს ის თემებია, რომლებიც სწორ დროს არასწორად შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ ძალის მიერ, რომელსაც არ უნდა ჩვენი ევროპული ინტეგრაცია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სერგი კაპანაძემ.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ”საგანგაშო” უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 19 თებერვალს მან პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტს მიმართა:

”მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგას, ვიქტორ იანუკოვიჩს, ყველა ძალისხმევა იხმაროს, რათა გააჩეროს ძალადობა მომიტინგეთა მიმართ და დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან. ვუერთდები ჩემი კოლეგების, ევროპის ლიდერების პოზიციას, რომ უნდა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ოპოზიციასთან უნდა დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან”.

რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ მწვავე შეფასებებით ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ და მათ შორის იყო დეპუტატი გოკა გაბაშვილიც:

”მთავარი მტერი და მთავარი მოწინააღმდეგე თავისუფლების მთელ იმ სივრცეზე, რასაც ჩვენც განვეკუთვნებით, არის ვლადიმერ პუტინი, არის მისი პოლიტიკა. ის არის დაუძინებელი მტერი თავისუფალი არჩევანისა ყველა იმ ხალხის, რომელიც ესწრაფვის თავისუფლებას, რომელიც ესწრაფვის, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და რომელიც ცდილობს თავისი ბრძოლით შეამციროს იმ სიბნელის და ჩამორჩენილობის საზღვრები, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცე ჰქვია”.

ინვესტიციები გარკვეულწილად შეფერხდა, რამაც რეალურად ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შეანელა, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვთქვა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობდა ამ პრობლემის დასაძლევად და ჩვენ ვნახეთ, რომ წლის მეორე ნახევარში ამ მცდელობამ, გარკვეულწილად, ეკონომიკური პროცესები, მართლაც, გააჯანსაღა...
გიორგი მარგველაშვილი
21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წინაშე პირველი მოხსენებით წარდგა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 45 წუთიან გამოსვლაში მარგველაშვილმა გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასა, ილაპარაკა ქვეყნის საგარეო კურსსა და ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში არსებულ გამოწვევებსა და განხორციელებულ ცვლილებებზე. გამოაცხადა მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც - 15 ივნისი.

პრეზიდენტმა ილაპარაკა საქართველოს საგარეო კურსზეც და თქვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არასოდეს გადაიხედება. ხაზი გაუსვა რუსეთთან ურთიერთობას და კიდევ ერთხელ აღნიშნა რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობა.

მარგველაშვილი შეეხო ეკონომიკის საკითხსაც. მან თქვა, ბიზნესზე ზეწოლა მოიხსნა, თუმცა იყო შეფერხებები, რამაც გარკვეული ეკონომიკური უკუსვლა გამოწვიაო, და იქვე დასძინა, პრობლემები მალე დაიძლევაო:

გიორგი მარგველაშვილი

„ინვესტიციები გარკვეულწილად შეფერხდა, რამაც რეალურად ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შეანელა, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვთქვა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობდა ამ პრობლემის დასაძლევად და ჩვენ ვნახეთ, რომ წლის მეორე ნახევარში ამ მცდელობამ, გარკვეულწილად, ეკონომიკური პროცესები, მართლაც, გააჯანსაღა“.

უმრავლესობამ მარგველაშვილის გამოსვლა დადებითად შეაფასა, უმცირესობას კი კრიტიკის შესაძლებლობა არც ამჯერად გაუშვია ხელიდან. გიორგი ბარამიძემ, მაგალითად, დებატებისას აღნიშნა, რომ ხელისუფლება არა მხოლოდ საზოგადოების, საკუთარი თავის მოტყუებსაც ცდილობს:

„თქვენ რატომ იტყუებთ თავს და საზოგადოებას რატომ ატყუებთ, რომ რუსეთთან რიტორიკა რომ შეარბილეთ, რუსეთი დარწმუნდება, რომ საქართველოს შესვლა ნატოში კარგია და რუსეთი მწვანე შუქს აუნთებს საქართველოს? ეს ხომ ტყუილია“.

გასულ კვირაში გაირკვა აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის საკითხიც. დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 თებერვალს გაემგზავრა. როგორც კვირის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მათ ექნებათ უმაღლესი დონის შეხვედრები.

"ეს არის პირველი უმაღლესი რანგის ვიზიტი აშშ-ში ჩვენი ხელისუფლებისთვის. მისი მნიშვნელობა არის უაღრესად დიდი. ჩვენ ვიმუშავებთ და შეხვედრები გვექნება ბევრი მიმართულებით და ესაა კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები გაღრმავდება და ხელი შეეწყობა მათ კიდევ უფრო გამტკიცებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ვიზიტი პირველ მარტამდე გაგრძელდება.

დღეს მოქმედ კანონმდებლობაში პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს წევრების რაოდენობა იყო 10. ცვლილების მიხედვით, გაიზრდება 15-მდე. ამჟამად, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1000-მდე მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრია...
ზვიად ძიძიგური
ამ კვირაში საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საარჩევნო და თვითმმართველობის კოდექსებში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც რეგულირდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების - გამგებლებისა და მერების - არჩევის წესი, ასევე კანდიდატების წარდგენასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. მმართველი კოალიციის ლიდერის ინიციატივით, ცვლილებათა პროექტში შევიდა არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა, გამგებლებისა და მერების ასარჩევად შემოღებული იქნეს 50%-იანი ბარიერი.

შეიცვალა როგორც პროპორციული წესით ასარჩევი საკრებულოს წევრების რაოდენობა, ასევე ბარიერი, რომელიც 5 პროცენტიდან 4 პროცენტამდე შემცირდა:

„დღეს მოქმედ კანონმდებლობაში პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს წევრების რაოდენობა იყო 10. ცვლილების მიხედვით, გაიზრდება 15-მდე. ამჟამად, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1000-მდე მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრია, 600-ზე მეტი - პროპორციული წესით არჩეული. 10-დან 15-მდე გაზრდის შემთხვევაში, ეს მონაცემები (მაჟორიტარებისა და პროპორციული წესით არჩეულთა რაოდენობა) პრაქტიკულად გათანაბრდება“.

ზვიად ძიძიგურის თქმით, კანონპროექტის შესაბამისად შეიცვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფების არჩევნებში მონაწილეობის წესი, რომელიც გამორიცხავს დისლოკაციის მიხედვით სპეცუბნების შექმნასა და საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობის შეცვლას.

თბილისში იმყოფებოდა ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალური მდივანი ბიორნ ენგესლენდი, რომელმაც ადამიანის უფლებების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან გამართა შეხვედრები. როგორც ცნობილია, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი სამხრეთ კავკასიაში ახორციელებს პროექტს „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“, რომლის მიზანიც კონფლიქტებში მონაწილე მხარეებს შორის ნდობის აღდგენასა და მშვიდობის მშენებლობაში წვლილის შეტანაა. საქართველოდან ამ პროექტში, ქართველების გარდა, აფხაზები და ოსებიც არიან ჩართული.

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განახლების ახალ ეტაპზე გადადის. საგანგებო მიმართვა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს გაავრცელა და პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძესა და პოლიტიკურ მდივანს გიორგი ვოლსკის რეგიონებში პარტიული კონფერენციების ორგანიზება დაავალა. ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ იმ მომხრეებსა და აქტივისტებსაც მიმართა, ვისაც, მისივე თქმით, დღემდე საკუთარი შრომის დაუფასებლობის განცდა აქვს, და წინასაარჩევნოდ მათი დამსახურებების გათვალისწინებას დაჰპირდა.

„პარტია „ქართული ოცნება“ ახალი ძალით იწყებს მუშაობას. ამიტომ პარტიის თითოეულ წევრსა და მხარდამჭერს მოგიწოდებთ, იაქტიურეთ და თქვენი წვლილი შეიტანეთ მის განახლებასა და გაძლიერებაში. ასევე მოვუწოდებ ახალგაზრდობას, შემოგვიერთდით. მე მსურს, თქვენთან ერთად ავაშენო ძლიერი სახელმწიფო“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.