უკრაინაში გრძელდება შეტაკებები, არის მსხვერპლი

უკრაინაში განახლდა შეტაკებები ანტისამთავრობო დემონსტრანტებსა და პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებს შორის. არის მსხვერპლი.

უკრაინის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვიტალი ზახარჩენკო აცხადებს, რომ პოლიციას საბრძოლო იარაღი დაურიგდა, რომელსაც, კანონის შესაბამისად, წესრიგის დასამყარებლად გამოიყენებს. ზახარჩენკო "ექსტრემისტებს" იარაღის დაყრისკენ, ოპოზიციის ლიდერებს კი რადიკალური ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს.

კიევში ანტისამთავრობო დემონსტრანტებსა და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შორის ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარ შეტაკებებს 50-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა უმრავლესობა, როგორც იუწყებიან, ტყვიამ იმსხვერპლა. შსს-ს განცხადებით, "ექსტრემისტებმა" 67 პოლიციელი დააკავეს და მძევლად აიყვანეს. განცხადების თანახმად, პოლიციას მძევლების გათავისუფლების მიზნით იარაღის გამოყენების უფლება აქვს.

ორი მხარე ერთმანეთს სდებს ბრალს ძალადობის განახლებაში იმ „ზავის“ მიუხედავად, რომელსაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა და ოპოზიციის ლიდერებმა ოთხშაბათ საღამოს მიაღწიეს.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ, თავის ვებსაიტზე შეტაკებების განახლებას „მთავრობის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა.

შს სამინისტროს პრესმდივანი სერგეი ბურლაკოვი კი „ექსტრემისტებს“ ადანაშაულებს: „მიუხედავად იმისა, რომ ზავი იყო გამოცხადებული და უკრაინაში გლოვის დღეა, - ჩვენ ამ შეხლა-შემოხლის დროს ყველა დაღუპულს ვგლოვობთ, - მაიდნის ექსტრემისტებმა კვლავ წარმოიწყეს აქტიური მოქმედება და მათ მიერ დაკავებული კონსერვატორიის შენობიდან პოლიციელებს მიზნობრივი ცეცხლი გაუხსნეს, სავარაუდოდ, სნაიპერთა იარაღით. პოლიცია და შსს-ს სამხედრო ძალები გადაჯგუფებულია და [კიევის] სამთავრობო უბნის სიხლოვესაა დისლოცირებული. ვხედავთ, რომ მაიდანზე ბევრი ადამიანია იარაღით, მათ შორის, ავტომატებით“.

Your browser doesn’t support HTML5

შეტაკებები ევრომაიდნის მახლობლად


„სისხლისღვრის“ გამო პროტესტის ნიშნად, კიევის მოქმედმა მერმა ვლადიმირ მაკეენკომ დატოვა უკრაინის მმართველი „რეგიონების პარტია“.

ევროკავშირი ბრიუსელში მსჯელობს უკრაინაში სისხლისღვრაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესების საკითხზე.
პარალელურად, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს სატელეფონო საუბარში მოუწოდა დაიხმაროს ევროკავშირი მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების გამართვის პროცესში.

ხელისუფლება, რომელიც უკრაინაში მუშაობს, ლეგიტიმური და ეფექტიანი უნდა იყოს და მასზე, როგორც ჩვარზე, ხალხი ფეხებს არ უნდა იწმენდდეს. ამდენად, ჩვენ ყველა შეთანხმებას ვუერთგულებთ და, ამავე დროს, ვფიქრობთ, ხელისუფლებამ ადამიანების დასაცავად კონცენტრაცია უნდა მოახდინოს...
დმიტრი მედვედევი
ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიევში მიავლენს ვლადიმირ ლუკინს, რათა მან უკრაინის მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. გავრცელებული ცნობებით, რუსეთს შუამავლის გაგზავნის თხოვნით იანუკოვიჩმა მიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „შანტაჟის ფორმა“ უწოდა აშშ-ის მხრიდან უკრაინის ოფიციალური პირებისთვის დაწესებულ ვიზების აკრძალვას და ევროკავშირის მიერ განხილულ მსგავს ზომებს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთის სურვილია უკრაინას ჰყავდეს ძლიერი მთავრობა და არა „ჩვარი“: „ჩვენ, რასაკვირველია, გავაგრძელებთ უკრაინელ პარტნიორებთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რომელზეც მოლაპარაკებული ვართ. ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ დადებული პირობის შესასრულებლად. ამავე დროს, საამისოდ აუცილებელია თავად პარტნიორები იყვნენ ტონუსში. ხელისუფლება, რომელიც უკრაინაში მუშაობს, ლეგიტიმური და ეფექტიანი უნდა იყოს და მასზე, როგორც ჩვარზე, ხალხი ფეხებს არ უნდა იწმენდდეს. ამდენად, ჩვენ ყველა შეთანხმებას ვუერთგულებთ და, ამავე დროს, ვფიქრობთ, ხელისუფლებამ ადამიანების დასაცავად კონცენტრაცია უნდა მოახდინოს“.

კიევი

პარალელურად, მექსიკაში სამიტზე მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ბრალი დასდო ადამიანთა ძირითადი თავისუფლებების უპატივცემულობაში როგორც უკრაინაში, ისე სირიაში და კიევში დროებითი მთავრობის ფორმირების მოწოდებით გამოვიდა.

ეს კრემლის როლის შესახებ ობამას ყველაზე პირდაპირი განცხადებაა ამ ეტაპზე. აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკაში მიმდინარე სამიტზე თქვა, რომ ეს ქვეყნები „ცივი ომის საჭადრაკო დაფაზე“ არ უნდა იყვნენ აღქმულნი და დასძინა, რომ აშშ „ხალხის მხარეს“ დგას. „ამ ვითარებაში საქმე გვაქვს ერთ ქვეყანასთან, რომელიც აშკარად რუსეთის კლიენტი-სახელმწიფოა, და მეორესთან, რომლის მთავრობასაც ამჟამად რუსეთი უმაგრებს ზურგს, ხოლო ხალხებს თავიანთი ქვეყნის მომავლის ცალსახად განსხვავებული წარმოდგენა და ხედვა აქვთ“, - თქვა ობამამ და დასძინა: „მე არ ვთვლი, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის შეჯიბრება მიმდინარეობს. ჩემი აზრით, საქმე გვაქვს უკრაინისა და სირიის ხალხების იმედისა და მისწრაფებების გამოხატვასთან. ფუნდამენტური თავისუფლებები - სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ბიზნესის ქრთამის გადახდის გარეშე წარმოება, რელიგიის ან შეხედულებების გამო დისკრიმინაციის არგანცდა - ეს ფუნდამენტური უფლებებია, რომელთა ქონაც ყველას სურს. ბატონ პუტინს ბევრ ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულება აქვს და მე არა მგონია ეს ვინმესთვის საიდუმლო იყოს“.

Your browser doesn’t support HTML5

კიევი: დაჭრილი აქტივისტების ტრანსპორტირება


უკრაინაში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო იანუკოვიჩის მიერ სამი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვა ევროკავშირთან მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმებაზე და ამის ნაცვლად ურთიერთობა გაეღრმავებინა რუსეთთან. მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე უარი თქვა, მოსკოვმა კიევს 15 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო.