“30-იანი წლების გოგონები”. ნაწილი I

ამას წინათ ჰოლანდიური ხმის ჩამწერი სტუდიის, „Timeless“-ის გამოშვებული ალბომი, სახელწოდებით „30-იანი წლების გოგონები“, მოვიხელთე, რომელიც გასული საუკუნის ბლუზურ-ჯაზური სიმღერებისგან შედგება. თითქოს არაფერია უჩვეულო, ყოველ წელს რამდენიმე ათეული ამგვარი კრებული გამოიცემა ხოლმე, მაგრამ ეს დისკი უნიკალურია იმით, რომ ჰოლანდიელებმა ევროპელ მსმენელს ის ამერიკელი შემსრულებელი ქალები გააცნეს, რომელთა არსებობის შესახებ ცოტას თუ გაეგონა, მეტიც - თავად ბლუზისა და ჯაზის სამშობლოშიც დიდი ხნის მივიწყებულნი ბრძანდებოდნენ. ამგვარ „მუსიკალურ ამნეზიას“ თავისი მიზეზები მოეძებნება: ზოგი მათგანი იმდენად ფხიანი ვერ გამოდგა, ისტორიაში თავისი გვარ-სახელი სამუდამოდ დაეტოვებინა, ზოგს მენეჯერი არ ჰყოლია, დიდ სცენაზე ადგილს რომ უპოვიდა, ზოგს კი, უბრალოდ, არ გაუმართლა, რადგან წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ბლუზისა თუ ჯაზის „დედოფლები“ ეღობებოდნენ. დიახ, 20-30-იან წლებში, როცა ბლუზი ბამბის პლანტაციებიდან ქალაქში გადმოსახლდა და ჯაზის დაბადება განაპირობა, ქალებიც ამღერდნენ: ლეგენდარულმა გერტრუდა რეინმა დაიწყო და ბესი სმითმა ხელოვნებად აქცია, მოგვიანებით კი ბილი ჰოლიდეიმ, სარა ვონმა და ელა ფიცჯერალდმა ისეთი ვოკალური განუკითხაობა მოაწყვეს, მრავალი კოლეგა-შემსრულებელი სამუდამოდ „დაადუმეს".



ჰოდა, დღევანდელ სიუჟეტში, ზემოხსენებულ ალბომში წარმოდგენილ მომღერლებზე მოგახსენებთ. აივი ანდერსონით დავიწყებ, რომელიც 1905 წელს კალიფორნიულ ქალაქ გილროიში დაიბადა. კარიერა დაიწყო როგორც მოცეკვავემ -იმხანად ცნობილი ბლუზის შემსრულებლის, მემი სმითის გამოსვლებისას ართობდა მაყურებელს. თუმცა თავი მალევე გამოავლინა, როგორც ნიჭიერმა მომღერალმა, და ნიუ-იორკულ „კოტონ კლაბში“ ამოყო თავი დიუკ ელინგტონის სახელგანთქმული ორკესტრის სოლისტად. სკეტური მეტყველებისა და სასულე ინსტრუმენტების პაროდირების განსაცვიფრებელი ნიჭით იყო დაჯილდოებული, რის გამოც კლუბში გამართულ საღამოებზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საოცარი მომხიბვლელობის ხმის ტემბრისა და მგრძნობიარე, დახვეწილი ვოკალური ტექნიკის წყალობით, მას დიდი მომავალი ჰქონდაო, - ასე იხსენებდა დიუკ ელინგტონი აივი ანდერსონს. სამწუხაროდ, არ დასცალდა: ბრონქული ასთმის გამო, სცენაზე მცირე ხანს დაყო და 44 წლის ასაკში აღესრულა.



ალბერტა ჰანტერი „30-იანი წლების გოგონების“, ალბათ, ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი გახლდათ. 1895 წელს სიღატაკეში დაიბადა და, ბილი ჰოლიდეის მსგავსად, საროსკიპოში გაიზარდა. მამინაცვალი უგონოდ თვრებოდა ხოლმე და, ცხოვრებაზე გულაყრილი, გერს უსწორდებოდა. პატარა ალბერტაც ადგა და სახლიდან გაიქცა, 11 წლის ასაკში ჩიკაგოს მიაშურა, სადაც სრულწლოვანი გოგოს ყაიდაზე იმოსებოდა, რათა ადგილობრივ კლუბებში გამოსვლის შესაძლებლობა ჰქონოდა. ვინაიდან მემფისიდან გახლდათ, ბლუზის სამხრეთული აქცენტი მისი საშემსრულებლო ხელწერის მთავარ ხიბლს წარმოადგენდა, რის გამოც პოპულარობა მალევე მოიპოვა და საგასტროლო კონცერტები ჯერ ამერიკის მასშტაბით, მოგვიანებით კი ევროპაშიც გამართა. მასზე უნივერსალური ყაიდის მომღერალი ითქმოდა, რადგან თანაბარი წარმატებით ასრულებდა როგორც კლასიკურ ჯაზურ-ბლუზურ სტანდარტებს, ასევე ბროდვეულ რეპერტუარსაც. 1954 წელს კი, დედის გარდაცვალების გამო, მუსიკალური კარიერა მოულოდნელად დაასრულა და მედდად დაიწყო მუშაობა. 20 წელი არსად გამოჩენილა, მხოლოდ 70-იანი წლების მიწურულს ხმის ჩამწერმა სტუდია „Columbia Records“-მა დაიყოლია და რამდენიმე ალბომი ჩააწერინა.

“30-იანი წლების გოგონების” შესახებ საუბარს შემდეგ კვირაში გავაგრძელებ, მანამდე კი 83 წლის ალბერტა ჰანტერს მოვუსმინოთ, რომლის სცენაზე დაბრუნება ზღაპრული სიმდიდრით სავსე საუნჯის პოვნას ჰგავდა - თითქოს სხვენში გადანახული ძველი სკივრი გახსნეს და იქიდან მივიწყებული ბლუზური თვალ-მარგალიტი ამოალაგესო.