სტუმრად ჩვენს ეთერში: სულხან სალაძე

Your browser doesn’t support HTML5

19 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სულხან სალაძე. 18 თებერვალს 74-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ბოლნისში მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის "საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ" კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის სახელზე გაავრცელა მიმართვა: "საყდრისი-ყაჩაღიანის მაღარო არის საერთაშორისო მნიშვნელობის კულუტურული მემკვიდრეობა. შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს დაუყოვნებლივ, მკვეთრად და საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი და სამინისტროს პოზიცია საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით. გაიზიაროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული სექციის რეკომენდაცია. ასევე საზოგადოების მაღალი ინტერესი და მოთხოვნა ადგილობრივი და საერთაშორისო-სამეცნიერო წრეების რჩევა საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის აღდგენის შესახებ და ხელი შეუწყოს ძეგლზე საერთაშორისო კვლევების გაგრძელებას. ასევე მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ წარმომადგენლობებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, გაითვალისწინონ საყდრისი-ყაჩაღიანის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და გამომდინარე დღევანდელი საგანგაშო მდგომარეობიდან, მოახდინონ მყისიერი რეაგირება ობიექტის გადასარჩენად," ნათქვამია მიმართვაში. სულხან სალაძის თქმით, ამ დრომდე წერილობით მიმართვას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო არ გამოხმაურებია.