საქართველოს პრეზიდენტმა იანუკოვიჩს ძალადობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავის უკრაინელ კოლეგას მომიტინგეების მიმართ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და კიევში შექმნილ სიტუაციას საგანგაშოს უწოდებს. „მინდა, მოვუწოდო ჩემს კოლეგას, ვიქტორ იანუკოვიჩს ყველა ძალისხმევა იხმაროს, რათა გააჩეროს ძალადობა მომიტინგეთა მიმართ და დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი. ვუერთდები ჩემი კოლეგების, ევროპის ლიდერების პოზიციას, რომ უნდა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ოპოზიციასთან დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან," განაცხადა მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქის ზურაბ ხურციას ოჯახს.