ევროკავშირი უკრაინას მოუწოდებს შექმნას კოალიციური მთავრობა

ევრომაიდანი

ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინის ხელისუფლებას და ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდებს, თითქმის სამთვიანი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, გადამჭრელი ზომები მიიღონ კოალიციური მთავრობის ფორმირებისათვის. ოპოზიციის ლიდერები კი აცხადებენ, რომ ვიდრე უკრაინის ხელისუფლებაში პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რჩება, არ მიიღებენ მონაწილეობას მთავრობის ფორმირებაში. ამ ფონზე, რუსეთი კვლავ აცხადებს, რომ ევროკავშირი და აშშ უკრაინის შიდა საქმეებში ერევიან.

ევროკავშირის გაფართოების საკითხების კომისარი შტეფან ფიულე სამშაბათ დილით პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ხელშესაწყობად უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა. მანამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს უკრაინისთვის სანქციების დაწესებაზე, თუკი ხელისუფლება საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობას განაგრძობს. ოთხშაბათს შტეფან ფიულემ მოუწოდა როგორც უკრაინის ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, შეთანმხდნენ საკონსტიტუციო რეფორმებზე, რაც შეამცირებს საპრეზიდენტო ძალაუფლებას და გაზრდის საკანონმდებლო ორგანოს უფლებებს:

„ჩემ მიერ აქ გამართული მოლაპარაკებებიდან დავასკვენი, რომ, პირველ ყოვლისა, საჭიროა გადაუდებელი ზომების გატარება საკონსტიტუციო რეფორმებისათვის, ჩართულობის პრინციპზე დამყარებული ახალი მთავრობის ფორმირება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა“.
ჩვენ არ ვთანხმდებით პრემიერ-მინისტრის პოსტს; ჩვენ თანახმა ვართ სრულად ავიღოთ პასუხისმგებლობა უკრაინის საქმეებზე, რაც მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის ფორმირებას გულისხმობს...
არსენი იაცენიუკი

გამუდმებული დაჭერებით, დაშინებითა და აგრესიით შეუძლებელია ნდობის მოპოვებაოო, განაცხადა ფიულემ და ხელისუფლებას მოუწოდა თავი შეიკავოს დემონსტრანტებზე ზეწოლისაგან.

შტეფან ფიულე 13 თებერვალს კიევში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსაც შეხვდა და ოპოზიციის ლიდერებსაც, რომლებიც კვლავინდებურად იმეორებენ, რომ არ აპირებენ მიიღონ მონაწილეობა მთავრობის ფორმირებაში, ვიდრე უმაღლესი ხელისუფალი ქვეყანაში პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩია.

„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პოსტს, ვფიქრობ, არ ღირს ოპოზიციასთან ვაჭრობა სამთავრობო პოსტებით. ჩვენი მიდგომა ასეთია: ჩვენ არ ვთანხმდებით პრემიერ-მინისტრის პოსტს; ჩვენ თანახმა ვართ სრულად ავიღოთ პასუხისმგებლობა უკრაინის საქმეებზე, რაც მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის ფორმირებას გულისხმობს“, განაცხადა ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ბატკივშჩინის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა არსენი იაცენიუკმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა.

უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რუსეთი კვლავ დაუშვებლად მიიჩნევს ქვეყნის შიდა საქმეებში ევროკავშირის ლიდერებისა და ცალკეული ქვეყნების ჩარევას. პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც გერმანიაში იმყოფება, გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ ილაპარაკა გავლენის სფეროების შექმნის დაუშვებლობაზე:

სერგეი ლავროვი

“შევნიშნავ, რომ სრულიად ვეთანხმები ფრანკ-ვალტერს [შტაინმაიერს] იმაში, რომ არავითარი გავლენის სფეროები არ უნდა არსებობდეს, მაგრამ უკრაინის ერთ მხარეს გადაქაჩვა და, ამასთან, მისი გაფრთხილება, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ერთი რომელიმე აირჩიოს, სინამდვილეში, ასეთი გავლენის სფეროს შექმნის მცდელობაა. ეს ფაქტია და ამის შეცვლა ლამაზი სიტყვებით შეუძლებელია“.

თავის მხრივ, შტაინმაიერმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხში არსებობს „გარკვეული მეტოქეობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის“. ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობისათვის კონტრპროდუქტიული იქნება, თუკი უკრაინას შევხედავთ როგორც ელემენტს „გეოპოლიტიკურ საჭადრაკო პარტიაშიო“,- დასძინა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც გერმანული გაზეთი „ბილდტი“ წერს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მომავალ სამშაბათს ბერლინში აპირებს შეხვდეს ვიტალი კლიჩკოს და არსენი იაცენიუკს, ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც კვირის ბოლოს „ევრომაიდანზე“ რიგით მე-11 „ვეჩეს“ - სახალხო კრების - გამართვას აპირებენ.