ევროპის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები შემცირდა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სტრასბურგი

ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, 2013 წელს სტრასბურგის ევროპის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ამის მიზეზად სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები სახელდება. ევროსასამართლოს ვებგვერდის მონაცემებით, საჩივრების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. მაგალითისთვის, 2011 წელს სასამართლომ განსახილველად მიიღო 395 საჩივარი, 2013 წელს კი მხოლოდ - 157.

„დღეს ჩვენი მთავრობის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ თუკი ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში ყოველდღიურად პატიმრების ათ-ოც საჩივრს განვიხილავდით... და მთავრობას მივუთითებდით, რომ შედით ციხეში, მედიკამენტი მიეცი პატიმარს ანდა გაუკეთეთ

თეა წულუკიანი

ოპერაცია, დღეს არც ერთი, ხაზს ვუსვამ, არც ერთი ასეთი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში აღარ შედის“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებული ანალიზიდან ჩანს, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების 80 პროცენტი მოდიოდა სასჯელაღსრულების სისტემაზე. ეს იყო წამების, არაადამიანური მოპყრობის, ჯანმრთელობის დაცვის უფლებების დარღვევის ფაქტები. მისივე თქმით, ახლა, როცა ციხეებში მდგომარეობა გამოსწორდა, ევროპის სასამართლოში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა, წინა სამ წელთან შედარებით, 70 პროცენტამდე შემცირდა.

„ბუნებრივია, 2013 წელს, როცა უკვე ჩვენს სისტემაში რეფორმების ცენტრში დგას ადამიანი, როდესაც ამ რეფორმების სულისკვეთება არის ის, რომ პატიმარი აღარ არის საზოგადოების მეორეხარისხოვანი წევრი, მე პირადად აღარ მიკვირს ამ საჩივრების შემცირება“, - აცხადებს თალაკვაძე.

მისივე თქმით, იმ სარჩელების დიდი ნაწილიც კი, რომელიც 2013 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაიგზავნა, წინა წლების დარღვევებს ასახავს. თალაკვაძე ასევე ამბობს, რომ გაუმჯობესდა სასამართლო სისტემაც, გაუქმდა შეკრებითობის პრონციპიც, რომლის მეშვეობითაც რამდენიმე დანაშაულის სასჯელი ერთმანეთს ემატებოდა:

„ბუნებრივია, რომ ახლა, როდესაც სასჯელები არის ადეკვატური, ადამიანებს ნაკლები მოტივაცია აქვთ, სტრასბურგში ეძებონ სამართალი“.
გვაქვს საქმეები, რომელიც სწორედ 39-ე მუხლით, განსაკუთრებული წესით გავასაჩივრეთ სწორედ ამ პერიოდში, რადგან ავადმყოფი პატიმრის გადაყვანა საავადმყოფოში ისევ ისე საჭიდაო გვაქვს ამ ხელისუფლებასთან...
ლია მუხაშავრია

ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის წარმომადგენელი ლია მუხაშავრია კი ამბობს, რომ ვითარება არც ისე კარგადაა, როგორც ამას თეა წულუკიანი ხატავს. მისი თქმით, სტრასბურგში სარჩელებს ის დღემდე მრავლად გზავნის:

„გვაქვს საქმეები, რომელიც სწორედ 39-ე მუხლით, განსაკუთრებული წესით გავასაჩივრეთ სწორედ ამ პერიოდში, რადგან ავადმყოფი პატიმრის გადაყვანა საავადმყოფოში ისევ ისე საჭიდაო გვაქვს ამ ხელისუფლებასთან“.

ბესო ბოხაშვილი, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა გაეროს კომისიის წარმომადგენელია, ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიღებული სარჩელების რაოდენობამ, მართლაც, იკლო, თუმცა სტატისტიკა დამაიმედებელი მაინც არ არის. მთლიანობაში, სტრასბურგის სასამართლოს 99 ათასი საქმე აქვს განსახილველი. ჩამონათვალში, რაოდენობის თვალსაზრისით, რუსეთისა და უკრაინის წინააღმდეგ შესული საქმეები „ლიდერობს“:

„როგორც წინა წლებში, ახლაც ყველაზე მეტი სარჩელი არის რუსეთის წინააღმდეგ, შემდეგ მოდის უკრაინა, შემდეგ - თურქეთი, შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების ჩამონათვალია და სულ ბოლოში ვართ ჩვენ, საქართველო, ანუ ჩვენ გვაქვს ამ ქვეყნებზე ბევრად ნაკლები სარჩელი და შემდეგ მოდის ყველა ქვეყანა, ერთად გაერთიანებული“.

ბესო ბოხაშვილის თქმით, ამჯერად ევროპის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, დაახლოებით, 2 400 საქმეა შეტანილი.