აშშ-ის დაზვერვის შეფი თვლის, რომ კარზაი არ გააფორმებს ორმხრივ ხელშეკრულებას

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი, ხელს არ მოაწერს აშშ-სთან უსაფრთხოების თაობაზე ორმხრივ ხელშეკრულებას. ჯეიმს კლაპერი ამ განცხადებით გამოვიდა სენატში, შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრების წინაშე. კლაპერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მისი ვარაუდია და არ გამოხატავს თეთრი სახლის პოლიტიკას. კლაპერი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელმაც ეს ეჭვი ასე ღიად გამოხატა. აშშ-ს სურს ავღანეთში 10,000-მდე სამხედრო დატოვოს მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე ამ ქვეყანას უცხოეთის ჯარების უდიდესი ნაწილი დატოვებს. თუმცა აშშ გამოდის გაფრთხილებით, რომ თუ ხელშეკრულება მალე არ გაფორმდება, ის მთელ თავის სამხედრო ძალებს გამოიყვანს.