თბილისში იმსჯელეს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე

თბილისში გაიმართა სპეციალური საბჭოს სხდომა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსახილველად. სტრატეგია, რომელიც 2014- 2020 წლებისთვისაა განკუთვნილი, იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ხელისუფლების პრიორიტეტებისა და სტრატეგიული მიმართულებების განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტი და ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. დოკუმენტი იქმნება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თომას ჰამერბერგის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების მიხედვით. დოკუმენტზე მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.