გაეროს უსაფრთხოების საბჭო მიემხრო რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ქვეყნებს, უარი თქვან ტერორისტებისთვის მძევლების სანაცვლოდ გამოსასყიდის გადახდაზე. დოკუმენტში, რომლის ინიციატორიცაა დიდი ბრიტანეთი, ნათქვამია, რომ ტერორისტები ამ თანხას დანაშაულებრივი საქმიანობისათვის იყენებენ. როგორც გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ ლაინ გრანტი აცხადებს, უკანასკნელი სამწელიწადნახევრის განმავლობაში „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა გამოსასყიდის სახით სულ მცირე 150 მილიონი დოლარი მიიღეს. უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის შესრულება ავალდებულებს გაეროს წევრ 193 ქვეყანას, შეასრულოს რეზოლუციის პუნქტები. თუმცა დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმ სანქციების შესახებ იმ შემთხვევისთვის, თუკი რომელიმე ქვეყანა უარს იტყვის რეზოლუციის პირობების შესრულებაზე.