ერდოანმა "შეთქმულება" უწოდა კორუფციულ სკანდალს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მთავრობის განახლებით უპასუხა კორუფციულ სკანდალს, რომელშიც მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრი და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ გახვეულნი. პრეზიდენტ აბდულა გიულთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ათი მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო კორუფციულ სკანდალს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული „შეთქმულება“ უწოდა. „კორუფციული დანაშაულის გამოძიების სახით, ჩვენ საქმე გვაქვს თურქეთის ხალხისა და თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ შეტევასთან. ყველასათვის ცხადია, რომ ეს კორუფციული დანაშაულის გამოძიება კი არაა, რამედ ესაა შეთქმულება თურქეთის პოლიტიკისა და ხალხის წინააღმდეგ,“ აღნიშნა ერდოანმა. თურქეთის ქალაქებში ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში გაიმართა მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც კორუფციული სკანდალის გამო პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ.