რუსმა ექსპერტებმა, რომლებიც იასირ არაფატის ექსჰუმირებული სხეულის ნაწილებს იკვლევდნენ, გამორიცხეს არაფატის პოლონიუმით მოწამვლის შესაძლებლობა და დაასკვნეს, რომ პალესტინის ყოფილი ლიდერი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ფედერალური მედიკო-ბიოლოგიური სააგენტოს ხელმძღვანელ ვლადიმერ უიბას თქმით, პალესტინის მხარეს განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით აღარ მოუმართავს. მანვე აღნიშნა, რომ დასკვნა, რომ არაფატი რადიაციული ზემოქმედების შედეგად არ დაღუპულა, - ფრანგმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს. პალესტინის ლიდერი იასირ არაფატი 75 წლის ასაკში 2004 წლის 11 ნოემბერს პარიზში გარდაიცვალა. ფრანგი ექიმების დასკვნით, არაფატის სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა. ბევრი პალესტინელი ვარაუდობს, რომ არაფატი მოწამლეს, რის უკანაც ისრაელი უნდა იდგეს. ისრაელის ხელისუფლება ასეთ ბრალდებებს უარყოფს.