თურქეთის პოლიციამ კვირას წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა სტამბოლში მასობრივი დემონსტრაციის დასაშლელად. ამის შესახებ თურქეთის მასმედია იტყობინება. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება დაიწყო მას მერე, რაც დემონსტრანტთა ნაწილმა პოლიციას ქვები დაუშინა. დემონსტრანტები ითხოვდნენ მთავრობისა და მინისტრების გადადგომას, რომლებსაც კავშირი აქვთ კორუფციულ სკანდალთან. 17 დეკემბერს თურქეთში ჩატარდა ოპერაცია „დიდი ქრთამი“, რომლის დროსაც მთელი რიგი გავლენიანი პირები დააპატიმრეს. ოპერაციის დაწყება თავად ქვეყნის ხელმძღვანელობისთვისაც მოულოდნელობა იყო. პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ამ კამპანიის მიზანია მთავრობის დისკრედიტაცია და გახლეჩა. კვირას გადადგა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მუამერ გიულერი. ახლა ის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ელოდება. გიულერმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა იმის გამო, რომ მისი ვაჟი ბარისი, ეკონომიკის მინისტრის ვაჟი და კიდევ 22 პირი კორუფციის ბრალდები დააკავეს ოპერაცია „დიდი ქრთამის“ ფარგლებში.