დიდთოვლობის გამო ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შედეგად, დასავლეთ საქართველოში ენერგომომარაგება კვლავ შეწყვეტილი აქვს 30 ათასზე მეტ აბონენტს. კომპანია „ენერგოპროს“ ინფორმაციით, სტიქიამ სისტემა სერიოზულად დააზიანა, 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს კი რთული კლიმატური პირობები აფერხებს. აჭარაში რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზის სარემონტო სამუშაოებს პირადად აკვირდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. დასავლეთ საქართველოს შემდეგ, დღეს თოვა დაიწყო აღმოსაველთ საქართველოს დაბლობსა და თბილისში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, თოვა 13 დეკემბრის დილამდე გაგრძელდება, 14 დეკემბრიდან კი ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო შემცირდება. კერძოდ, ღამით დასავლეთ საქართველოს ბარში 7 გრადუსი ყინვა იქნება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში - -22. 14 დეკემბერს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 12, მთაში კი 20 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.