იანუკოვიჩმა მთავრობას მისცა დავალება, რომელიც ეხება ევროკავშირთან შეთანხმების შესაძლო ხელმოწერას

უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, მან მთავრობას დაავალა, უკრაინა-ევროკავშირის მარტის სამიტისათვის მოამზადოს გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს „უკრაინისათვის ეკონომიკური საფრთხეების მინიმალიზაციას“ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისას. იანუკოვიჩის ამ განცხადების შესახებ უკრაინის ტელევიზია იუწყება. სამშაბათსვე, უფრო ადრე, იანუკოვიჩმა უკრაინის სამ ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და ამის გამო საჭიროა "საფრთხეთა მინიმალიზაცია". იანუკოვიჩს ასევე საჭიროდ მიაჩნია „რუსეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა“. უკრაინაში იმყოფებიან დასავლეთის წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტთან და ოპოზიციის ლიდერებთან მოსალაპარაკებლად. შეხვედრების ფონია დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც აპროტესტებენ უკრაინის ხელისუფლების უარს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.