საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შაბათს უკრაინულ ენაზე მიმართა სიტყვით კიევში მიმდინარე პრო-ევროპული აქციების მონაწილეებს: „ვარ უკრაინელი, ვარ ქართველი და ვარ ევროპელი. ვიცოდი, რომ უკრაინა ერთ დღეს გახდებოდა მაგალითი წარმატების, მაგალითი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის, რომელიც ინტეგრირებული იქნებოდა თავისუფალი, დემოკრატიული, კეთილდღეობის მქონე ქვეყნების ევროპულ ოჯახში. დღეს ვხედავ, რომ სწორი ვიყავი. უკრაინა შესძლებს ამის გაკეთებას. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კიევში აქციაზე გამოსვლისას. საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში ევროპარლამენტის წევრების ჯგუფთან ერთად ჩავიდა. სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდის თანახმად, სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ცნობილ მოკრივე ვიტალი კლიჩკოს შეხვდა და მასთან ერთად ივახშმა. უკრაინაში გრძელდება პრო-ევროპული აქციები. გამოსვლები გასულ თვეში დაიწყო - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ვაჭრობის და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე.