ევროკომისია ურჩევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონტრაქტებს რუსეთიდან გაზის საექსპორტო მილსადენის, „სამხრეთის ნაკადის“ პროექტზე, ხელახლა მოილაპარაკონ შეთანხმების პირობებზე. ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ გუნტერ ოტინგერის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთის კომპანია „გაზპრომთან“ ხელმოწერილი კონტრაქტები ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონებს. კერძოდ, გაზსადენს აშენებს გაზის მომწოდებელი, რასაც ევროკავშირის კანონები კრძალავს. ამას გარდა, პროექტი არ არის ღია მესამე მხარისთვის, რომელსაც შესაძლოა, სურდეს პროექტში მონაწილეობა და თავისი გაზის მიწოდება. ევროკომისრის პრესმდივნის, მალენე ჰოლცნერის განმარტებით, ევროკავშირი არ არის გაზსადენის გაყვანის წინააღმდეგი და „სამხრეთის ნაკადზე“ მუშაობის გაგრძელება შესაძლებელია. ევროკავშირის წევრები, რომლებზეც „სამხრეთის ნაკადი“ გადის, არიან ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, სლოვენია და ავსტრია.