უკრაინის პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გადავადება „ტაქტიკური“, მხოლოდ ეკონომიკური მოსაზრებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება იყო. პარასკევს უკრაინის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აზაროვმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილა არ ცვლის უკრაინის განვითარების ყოვლისმომცველ სტრატეგიას. „ევროკავშირთან ასოცირების და ვაჭრობის თავისუფალი ზონის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება რთული გადაწყვეტილება იყო. მაგრამ ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა იმ ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც უკრაინა იმყოფება,“ - განაცხადა აზაროვმა და დასძინა, რომ უკრაინის მთავრობის „მთავარ პრიორიტეტს რუსეთთან ვითარების მოწესრიგება წარმოადგენს“. ხუთშაბათს უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, სადაც მანდატების უმრავლესობას პროსახელისუფლებო „რეგიონების პარტია“ ფლობს, არ დაუჭირა მხარი არც ერთ საკანომდებლო ცვლილებას, რაც საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის უფლებას მისცემდა საპატიმროში მყოფ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს, რომელსაც ხერხემალზე გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება. მოგვიანებით კი უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის სამზადისს, რაც 29 ნოემბერს ვილნიუსში იგეგმებოდა. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ აღაშფოთა საპარლამენტო ოპოზიცია. მსოფლიოში სახელგანთქმულმა უკრაინელმა მოკრივემ, ვიტალი კლიჩკომ, რომელიც საპარლამენტო ფრაქცია „უდარის“ ლიდერია, მოსახლეობას მოუწოდა 24 ნოემბერს შეიკრიბონ საპროტესტო აქციაზე და ხელისუფლებას ხალხის ნამდვილი ნება დაანახონ.