გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, კვლავაც გაურკვეველია სურს თუ არა უკრაინას იმ პირობების შესრულება, რომლებიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად არის საჭირო. ვილნიუსში თვის ბოლოს დანიშნულ სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების დადების პირობად ევროკავშირი კიევს დემოკრატიულ რეფორმებს უყენებს. ამასთან, ბლოკს სურს კიევმა პატიმრობიდან გაანთავისუფლოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო. ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ტიმოშენკოს დაპატიმრებას ბრიუსელი „შერჩევითი სამართლის“ გამოვლინებად აფასებს. პარლამენტის წინაშე გამოსვლისას მერკელმა უკრაინას მოუწოდა გადადგას დამაჯერებელი ნაბიჯები რეფორმების მიმართულებით და აჩვენოს, რომ კვლავ მოწადინებულია ევროპაში ინტეგრაციას. მერკელის განცხადებით, თუ კიევი ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო პირობებს დააკმაყოფილებს, ევროკავშირი შეძლებდა უკრაინას დახმარებოდა რუსეთისგან მომდინარე ეკონომიკურ ზეწოლასთან გამკლავების საქმეში. მოსკოვს სურს უკრაინა მისი ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში გაერთიანდეს.