საქართველოში მკაცრდება ტერორისტულ დანაშაულობებთან ბრძოლა

საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება და კრიმინალიზებული ხდება ტერორისტულ დანაშაულებთან დაკავშირებული ქმედებების ჩადენის მუქარა. ამ მიმართულებით "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელსაც პარლამენტი უკვე განიხილავს. კანონპროექტის თანხმად, ტერორისტულ დანაშაულებადაა მიჩნეული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ტერორისტული მიზნით. როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, ტერორისტული დანაშაულების სრულად კრიმინალიზაციით სისხლის სამართლის კოდექსი საერთაშორისო სტანდარტებთან მოდის შესაბამისობაში.