ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეოს ავტორ სამარ ჩოკუტაევზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა, - აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა. ჯიჰადის სახელით ვიდეოს დამზადებასა და გავრცელებაში ბრალდებულ ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევის ძებნის დასაწყებად, პროკურატურამ ინტერპოლს მასალები დაახლოებით 2 კვირის წინ გაუგზავნა. ბრალდებული სამარ ჩოკუტაევი არის მაღალი კვალიფიკაციის IT სპეციალისტი და დანაშაული მან საქართველოს არაკოტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიდინა, კერძოდ, 2013 წლის 4 ივნისს ბრალდებულმა სამარ ჩოკუტაევმა ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელ Hammad Zaman-ის სახელით განათავსა ვიდეორგოლი, რომელიც შეიცავს ავღანეთში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მუქარას", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ამასთან, სამარ ჩოკუტაევს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.