საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი გადადგომის შემდეგ პრემიერის პოსტზე დაინიშნება პირი, რომელიც ამჟამინდელ კაბინეტში ერთ-ერთი მინისტრის თანამდებობას იკავებს. ივანიშვილმა ეს სააგენტო „როიტერს“ უთხრა: „მე დამატებით გეტყვით თქვენ, რაც სხვა ჟურნალისტებისთვის არასოდეს არ მითქვამს, სულ მეკითხებოდნენ. ეს იქნება კაბინეტის წევრი. პირველი მინიშნება გავაკეთე. ეს არის ერთ-ერთი მინისტრი ჩვენი გუნდის“ - განაცხადა მან. 24 ოქტომბერს ივანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შემცვლელის კანდიდატურას მომავალი კვირის სამშაბათს, ან ოთხშაბათს დაასახელებს. პარასკევს ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავლის შესახებაც გამოთქვა მოსაზრება: "თვითონ [სააკაშვილი] თვლის რომ ის პოლიტიკაში რჩება. მე ამაზე დაჟინებით არ მისაუბრია, თუმცა ვთქვი და დღესაც გავიმეორებ - მას საქართველოში პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს" - განაცხადა მან.