2014 წლის იანვრიდან ავტომობილების ძველი სანომრე ნიშნების დიზაინი ახლით შეიცვლება. როგორც „ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, მოხმარებაში შემოვა ახალი დიზაინის სანომრე ნიშნები, რომელიც მიმსგავსებული იქნება ევროპულ სტანდარტებთან. საქართველოში დღეს არსებული ავტოპარკის გათვალისწინებით, სადაც სატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაწილი შემოტანილია ამერიკიდან და იაპონიიდან, შეიცვლება ე. წ. კვადრატული ნომრების დიზაინი და შრიფტის ზომა. სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში დატანილი იქნება საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში ქვეყნის მაიდენტიფიცირებელი სიმბოლო/კოდი "GE". სანომრე ნიშნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსებული იქნება ორ-ორი სიმბოლო და მათ შორის 3 ციფრი, მარცხენა მხარეს განთავსებული პირველი ორი სიმბოლოს შემდეგ დატანილი იქნება ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა სახელმწიფო გერბით. გარდა ამისა, ახალი დიზაინის სანომრე ნიშანში ჩადებული იქნება მეტი დამცავი მექანიზმი. ძველი დიზაინის სანომრე ნიშნებით სარგებლობა მომხმარებელს შეეძლება სატრანსპორტო საშუალების ახალ რეგისტრაციამდე, მისი რეგისტრაციამდე შეცვლა სავალდებულო არ იქნება. რაც შეეხება იმ პირებს, ვისაც აქვს ფასიანი სანომრე ნიშნები, მომსახურების სააგენტო შესთავაზებს იდენტური საფასურის მქონე მათთვის სასურველი სანომრე ნიშნით შეცვლას.